ე.წ. ჩორჩანას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამად ალექსანდრე ტაბატაძის დაკითხვა მიმდინარეობს. ტაბატაძე იმ პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, ამჟამად კი პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს ხელმძღვანელობს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ასევე დაგეგმილია მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, კახა კახიშვილისა და შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის დაკითხვა.
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებული ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე და 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი. აღნიშნული მუხლები 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების მხარის ვერსიით, გახარიამ საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს მოწყობის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. ბრალდების თანახმად, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოჰყვა დაახლოებით 100 ჰექტარი ტყის მასივის საოკუპაციო ძალების კონტროლის ქვეშ მოქცევა.
საქმის მასალების მიხედვით, ტერიტორიაზე ასევე ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობას და მძიმე სამხედრო ტექნიკის დასახლებული პუნქტების მიმართულებით გადაადგილებას. ბრალდების მხარე ასევე მიუთითებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით აღმოჩნდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების, ყობისა და წნელისის მცხოვრებთა საცხოვრებელი სახლები.