დრონის დაფიქსირების გამო ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტმა (BER) მუშაობა დროებით შეაჩერა. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უცნობი დრონი 23 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე აეროპორტის ჩრდილოეთ ასაფრენ-დასაფრენ ბილიკთან შენიშნეს. მოგვიანებით საჰაერო სივრცე დაიხურა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში თვითმფრინავებს არც აფრენა და არც დაშვება შეეძლოთ.

აეროპორტის მუშაობა დაახლოებით 45 წუთით იყო შეჩერებული. საჰაერო სივრცე ადგილობრივი დროით 21:05 საათზე გაიხსნა, თუმცა რეისები შეფერხებით გაგრძელდა.

ინციდენტის გამო რამდენიმე რეისი დრესდენისა და ლაიფციგის აეროპორტებში გადაამისამართეს.

ფედერალური პოლიციის ინფორმაციით, დრონი აეროპორტის ტერიტორიაზე რამდენიმე ადამიანმა შენიშნა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ მართავდა საფრენ აპარატს.