უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოება და უკრაინის საზღვაო ექსპორტის დერეფნის ფუნქციონირების საკითხები განიხილეს.
შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი განცხადებით, უკრაინული სურსათის ექსპორტზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში არაერთი ქვეყანაა დამოკიდებული და ამჟამად საზღვაო დერეფნის სრულად აღდგენის რამდენიმე ვარიანტი განიხილება.
„განვიხილეთ შავი ზღვის უსაფრთხოება, პირველ რიგში, როგორ უზრუნველვყოთ საზღვაო ექსპორტის დერეფნის ფუნქციონირება. პრაქტიკულად ყველა კონტინენტზე არის ქვეყნები, რომლებიც ჩვენს სურსათის ექსპორტზე არიან დამოკიდებულები. ახლა კი მისი სრულად აღდგენის სხვადასხვა ვარიანტი განიხილება. საჭიროა რუსეთის მზადყოფნა, შეწყვიტოს ტერორისტული თავდასხმები ჩვენს ინფრასტრუქტურაზე, რათა უკრაინამაც შეაჩეროს შორ მანძილზე მოქმედი საპასუხო დარტყმები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ერდოღანთან საუბრისას ყურადღება ორმხრივ თანამშრომლობასაც დაეთმო. მხარეებმა თავისუფალი ვაჭრობის ზონისა და დრონებთან დაკავშირებული შეთანხმების საკითხები განიხილეს.