რეალურია თუ არა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა და რა შეიძლება გახდეს შეთანხმების მთავარი დაბრკოლება? საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი გიორგი ბილანაშვილი „რადიო მაესტროსთან“ ინტერვიუში აფასებს აბუ-დაბიში დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებების პერსპექტივას, დონალდ ტრამპის კომუნიკაციას მოსკოვთან და იმ რისკებს, რომლებიც უფრო ფართო შეთანხმების შემთხვევაში საქართველოს შეიძლება შეეხოს. მისი შეფასებით, ამ რაუნდიდან სწრაფ გარღვევას არ უნდა ველოდოთ, თუმცა ცეცხლის შეწყვეტისკენ ნაბიჯის გადადგმისთვის წინა შეხვედრებთან შედარებით მეტი საფუძველი არსებობს.
ჟურნალისტი: ლევან ჭითანავა
აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები სამმხრივ მოლაპარაკებებს გამართავენ. რამდენად რეალურია, რომ ამჯერად შეხვედრას კონკრეტული შედეგი მოჰყვეს?
წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, გადაჭარბებული მოლოდინი არ უნდა გვქონდეს – მსგავსი შეხვედრები პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა. თუმცა ახლა ერთი ახალი გარემოებაა: აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ ტრამპის პოზიციები შესუსტდა. ჩემი დაკვირვებით, მოსკოვში შესაძლოა ნაკლებად ჰქონდეთ იმედი, რომ ტრამპი ომის რუსეთის პირობებით დასრულებას დაუჭერს მხარს.
ბოლო დღეებში ზოგიერთი რუსი სამხედრო მიმომხილველის შეფასებებიც უფრო ზომიერი გახდა. ჯერ არ ვიცით, დროებითი ცვლილებაა ეს თუ მოსკოვის უფრო ფართო მიდგომის ნაწილი. თუ ტენდენცია გაგრძელდა, შესაძლოა, მოლაპარაკებებშიც უფრო კომპრომისული პოზიცია ვიხილოთ. სწრაფ გარღვევას არ ველოდები, მაგრამ გარკვეული ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობას ვხედავ.
რამდენად შეუძლია აშშ-ის არჩევნების შედეგებს ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეცვლა? და რას ნიშნავს რუსეთის დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრის ორი მოადგილის ჩართვა – შეიძლება ეს პრეზიდენტების შეხვედრისთვის მზადება იყოს?
პირველ რიგში, ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთში ტრამპის მხარდაჭერის ნაკლები იმედი შეიძლება ჰქონდეთ. გარკვეული ცვლილებები აშშ-ის საგარეო პოლიტიკაშიც მოსალოდნელია, მაგალითად, ირანის მიმართულებით. ჩემი შეფასებით, არჩევნების შემდეგ იქ სამხედრო მოქმედებების განახლების ალბათობა შემცირდა. თუ დაძაბულობის განმუხტვას ნავთობის ფასის ვარდნაც მოჰყვა, ეს რუსეთის ეკონომიკაზე დამატებით ზეწოლას შექმნის.
რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს, მათი მონაწილეობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა მზადდება. უფრო მოსალოდნელია, რომ თითოეული მათგანი თავისი მიმართულების საკითხებზე იმუშავებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიები უკრაინას უნდა იცავდეს და მათი ფორმა რუსეთისთვისაც მისაღები უნდა იყოს. სად ხედავთ კომპრომისის შესაძლებლობას?
უსაფრთხოების გარანტიები ფართო საკითხია. რუსეთის მოთხოვნებში, სულ მცირე, უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი იგულისხმება. თუმცა უფრო ფართო ჭრილში მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რა გავლენას შეინარჩუნებს პოსტსაბჭოთა სივრცეში ომის დასრულების შემდეგ.
უშუალოდ ცეცხლის შეწყვეტის საკითხში ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება დონეცკის ოლქია. მოსკოვი ითხოვს იმ ტერიტორიებზეც კონტროლს, რომელთა დაკავებაც სამხედრო გზით ვერ შეძლო. არ ჩანს, რომ კიევი ასეთ დათმობაზე თანახმაა. ამ ეტაპზე ყველაზე გონივრულ ვარიანტად მიმაჩნია ცეცხლის შეწყვეტა არსებულ ფრონტის ხაზზე და ამის შემდეგ სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელება. მთავარი კითხვაა, მზად არის თუ არა ვლადიმერ პუტინი ამ პირობაზე დასათანხმებლად.
ამ რაუნდის შემდეგ რომელ სცენარს მიიჩნევთ ყველაზე რეალისტურად?
მყისიერ შედეგს არ ველოდები. თუმცა სამხედრო დანაკარგები, ომის ხარჯები და ფრონტზე წინსვლის სირთულე რუსეთს დამატებით პრობლემებს უქმნის. თუ ნავთობის ფასის ვარდნაც გაგრძელდა, ეკონომიკური წნეხი შეიძლება გაძლიერდეს.
ამიტომ ვფიქრობ, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრისთვის ახლა მეტი საფუძველი არსებობს, ვიდრე წინა რაუნდების დროს. ეს არ ნიშნავს, რომ შეთანხმება აბუ-დაბიშივე გაფორმდება. ამ შეხვედრის შედეგი შეიძლება იყოს ნაბიჯი, რომელიც შემდგომ მოლაპარაკებას შესაძლებელს გახდის.
რას ნიშნავს დონალდ ტრამპის პირდაპირი კომუნიკაცია რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან? შეიძლება ეს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის შეთანხმებისკენ გადადგმულ ნაბიჯად მივიჩნიოთ?
დმიტრიევი პროცესში ახალი ფიგურა არ არის. ჩემი შეფასებით, მისი მთავარი ფუნქცია უშუალოდ უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე მოლაპარაკება კი არა, აშშ-ისთვის ეკონომიკური თანამშრომლობის შეთავაზებაა.
მოსკოვი ცდილობს, საერთო ბიზნესინტერესების გამოკვეთით ვაშინგტონთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენისთვის სივრცე შექმნას. ასეთი კომუნიკაცია შეიძლება ირიბად აისახოს უკრაინის საკითხზე ადმინისტრაციის პოზიციაზეც. თუმცა დმიტრიევთან შეხვედრა თავისთავად არ ნიშნავს, რომ ომის დასრულების პირობებზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.
ტრამპის თქმით, უკრაინა დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს, თუმცა შესაძლოა, ომამდელი ფორმით ვერ შენარჩუნდეს. როგორ აფასებთ ამ განცხადებას?
უკრაინას ამ ეტაპზე ოკუპირებული ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნების შესაძლებლობა შეზღუდული აქვს. კიევის მზადყოფნა, განიხილოს ცეცხლის შეწყვეტა არსებულ ფრონტის ხაზზე, არ ნიშნავს, რომ ის ამ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად აღიარებს. ცეცხლის შეწყვეტის ხაზი და ტერიტორიის სამართლებრივი სტატუსი სხვადასხვა საკითხია.
მოლაპარაკებების წინ ასეთი განცხადებები უკრაინის პოზიციას არ აძლიერებს. ჩემი შეფასებით, როდესაც ტრამპი შესაძლო შედეგზე წინასწარ საუბრობს, მოსკოვს საკუთარი მოთხოვნების გასამყარებლად დამატებითი არგუმენტი ეძლევა.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ შესაძლო შეთანხმება მხოლოდ უკრაინას არ შეეხება. რას შეიძლება ნიშნავდეს უფრო ფართო შეთანხმება საქართველოსთვის?
უნდა გავიხსენოთ, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ მოსკოვის მოთხოვნები მხოლოდ უკრაინას არ ეხებოდა. საუბარი იყო ნატოს გაფართოებაზეც, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის წევრობის პერსპექტივაზე. ჩემი შეფასებით, რუსეთის უფრო ფართო მიზანი პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის შენარჩუნება და გაძლიერებაა.
თუ მოლაპარაკებები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებს გასცდა და ევროპის უსაფრთხოების უფრო ფართო საკითხებს შეეხო, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება, რა ადგილი დაეთმობა ამ პროცესში რეგიონის ქვეყნებს. ჩემი შეფასებით, საქართველო საკუთარი შიდა და საგარეო პოლიტიკის გამო რუსეთის გავლენის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადია. სწორედ ეს რისკი უნდა გაითვალისწინონ როგორც პოლიტიკოსებმა, ისე საზოგადოებამ.