უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში იმ დროს მიიტანეს, როდესაც ის ამერიკელ კონგრესმენებთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხს განიხილავდა.
„დღეს რუსებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა ზუსტად მაშინ განახორციელეს, როდესაც კონგრესის წევრებთან შეხვედრაზე ლინდსი გრემის კანონს და სანქციების გამკაცრების აუცილებლობას განვიხილავდით. რუსეთი ამ ომს ზეწოლის გარეშე არ დაასრულებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, შეხვედრას კონგრესმენები ბრაიან ფიცპატრიკი, მაიკლ კუიგლი, მარსი კაპტური, ჯარედ გოლდენი, ჯო უილსონი და გრეგორი მიკსი ესწრებოდნენ.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გასაძლიერებლად საჭიროა დამატებითი სანქციები, ხოლო უკრაინის მოსახლეობის დასაცავად — ბალისტიკური რაკეტების ჩამჭრელი სისტემები.
„ყველა ასეთი თავდასხმა იმიტომ ხდება, რომ აგრესორზე ზეწოლა ტოტალური არ გამხდარა და რუსეთი თვლის, რომ შეუძლია განაგრძოს ბალისტიკურ ტერორზე ფსონის დადება. შეერთებულ შტატებს ახლა შესაძლებლობა აქვს, გადამწყვეტად უპასუხოს. ჩვენ გვჭირდება ბალისტიკური რაკეტების ჩამჭრელი სისტემები სიცოცხლის დასაცავად, გვჭირდება სანქციები რუსეთის და მათ წინააღმდეგ, ვინც მას ფულის გამომუშავებაში ეხმარება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
24 სექტემბრის ღამით კიევზე განხორციელებული ბალისტიკური სარაკეტო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.