უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ნიუ-იორკში ირანელ კოლეგას, აბას არაღჩის შეხვდა. შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

სიბიგას განცხადებით, მხარეებმა უკრაინასა და ირანს შორის დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების გზები განიხილეს და არსებული საკომუნიკაციო არხების შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.

„ჩვენი საუბარი შეეხო ორმხრივ ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ჩვენს ქვეყნებს შორის დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებას ისახავს. შევთანხმდით, რომ არსებულ ღია კომუნიკაციის არხებს შევინარჩუნებთ“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელ X-ში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში არსებულ ვითარებას და სამშვიდობო ძალისხმევას.

„კიდევ ერთხელ დავადასტურე უკრაინის პოზიცია, რომელიც ჩვენს რეგიონებში მშვიდობისა და სტაბილურობის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას უჭერს მხარს“, – აცხადებს სიბიგა.