გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. შეზღუდვები 38 ფიზიკურ და იურიდიულ პირსა და ობიექტს შეეხო, რომლებიც, ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის ნავთობის ექსპორტში, სამხედრო წარმოების მხარდაჭერასა და ფინანსური სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობდნენ.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სანქციების სიაში მოხვდა რუსეთის ნავთობკომპანიები, ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის 12 ტანკერი და ის ორგანიზაციები, რომლებიც მოსკოვს სამხედრო დანიშნულებისთვის მნიშვნელოვანი პროდუქციით ამარაგებენ.
შეზღუდვები დაუწესდა სამ კრიპტოვალუტის ბირჟასა და ორ გადახდის პლატფორმასაც, რომლებიც, ბრიტანეთის ხელისუფლების შეფასებით, რუსეთს საერთაშორისო ფინანსური სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, სანქცირებული სუბიექტებიდან ორი A7-ის ფინანსურ ქსელთან დაკავშირებული ტრანზაქციების დამუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობდა.
სასანქციო სიაში ასევე მოხვდა 17 ორგანიზაცია და ფიზიკური პირი, რომლებიც რუსეთს სამხედრო წარმოებისთვის აუცილებელი საქონლით ამარაგებდნენ. მათ შორის არიან მანქანა-დანადგარების, ელექტრონიკისა და რაკეტებისა და დრონების წარმოებისთვის საჭირო მასალების იმპორტიორები.
„მკაცრ ზომებს ვიღებთ მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მათ შორის ფინანსური მომსახურებისა და კრიპტოვალუტის ბირჟების მეშვეობით. გზავნილი მარტივია: თუ რუსეთს ამ ომის დაფინანსებასა თუ აღჭურვაში დაეხმარებით, შედეგების წინაშე აღმოჩნდებით“, – ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ლონდონის განმარტებით, ახალი შეზღუდვების მიზანია რუსეთისთვის ომის დაფინანსების, ნავთობიდან შემოსავლების მიღებისა და სამხედრო წარმოებისთვის საჭირო რესურსებზე წვდომის გართულება.
ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, სანქციები ასევე შეეხო ორ რუსულ ნავთობკომპანიას – Zarubezhneft-სა და INK Capital-ს. ლონდონის განცხადებით, მოქმედი შეზღუდვები უკვე მოიცავს რუსეთის ნავთობის წარმოების საერთო სიმძლავრის 90%-ზე მეტს, ხოლო სანქცირებული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების რაოდენობა 600-ს აჭარბებს.