ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის განახევრებაც ვერ უზრუნველყოფს ბენზინისა და დიზელის ფასების ექვსი თვის წინანდელ მაჩვენებელზე დაბრუნებას, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
კაკაურიძემ უპასუხა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, გიორგი შარაშიძის შეკითხვას, რომელიც საწვავის გაძვირების ფონზე აქციზის გადასახადზე დროებითი შეღავათების დაწესების შესაძლებლობით დაინტერესდა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, აქციზის განახევრების შემთხვევაში საწვავის ფასზე გავლენა დაახლოებით 25 თეთრი იქნება, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე არსებული არასტაბილურობის გამო ეს ცვლილება მნიშვნელოვან შედეგს ვერ გამოიღებს.
„დავუშვათ, გავანახევრეთ ნავთობზე აქციზი, ამის ეფექტი იქნება 25 თეთრი. ერთ დღეში შეიძლება ნავთობის ფასებზე მოხდეს ისეთი რაღაც, რომ შემდეგ ვითარება შეიცვალოს. სამწუხაროდ, არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი, საერთაშორისო ფასებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად შევცვალოთ“, – განაცხადა კაკაურიძემ.
მისივე თქმით, საწვავის ფასების დასტაბილურებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა რეგიონულ და მსოფლიო ბაზრებზე არსებული გაურკვევლობის შემცირებას აქვს.
თავის მხრივ, გიორგი შარაშიძემ აღნიშნა, რომ ბენზინისა და დიზელის გაძვირება უარყოფითად აისახება როგორც მოსახლეობაზე, ისე ბიზნესზე და გავლენას ახდენს სხვადასხვა პროდუქტის, მათ შორის სურსათის ფასებზე.
დეპუტატმა მთავრობას მოუწოდა, განიხილოს აქციზის დროებითი შემცირების, გადავადების ან სხვა სახის საგადასახადო შეღავათის შესაძლებლობა. მისი განცხადებით, მსგავსი პრაქტიკა უკვე გამოიყენეს გერმანიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.
შარაშიძე ასევე დაინტერესდა, რამდენად დიდ საბიუჯეტო დანაკარგს გამოიწვევდა საწვავზე აქციზის დროებითი შემცირება.