ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. დოკუმენტი, სახელწოდებით „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები“, ექვსი პოლიტიკური ჯგუფის 70-მდე ევროპარლამენტარმა მოამზადა.
რეზოლუციით, ევროპარლამენტარები ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის წინააღმდეგ მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.
დოკუმენტში ხაზგასმულია ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა. ევროპარლამენტარების შეფასებით, საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა ქვეყანას ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივას აშორებს.
რეზოლუციის ავტორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა პირი, რომელსაც ისინი პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ, მათ შორის ელენე ხოშტარია, მზია ამაღლობელი, მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ბარამიძე და ნიკა მელია, ასევე მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეები, რომლებიც დაკავებული არიან.
ევროპარლამენტარები მოითხოვენ იმ საკანონმდებლო დებულებების გაუქმებასაც, რომლებიც აკრძალული პარტიებისა და მათთან დაკავშირებული პირებისთვის არაპროპორციულ შეზღუდვებს ითვალისწინებს. დოკუმენტში დაგმობილია კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენება.
ამასთან, რეზოლუციაში გამოთქმულია უკმაყოფილება ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების უმეტესობის მხრიდან არასაკმარისი რეაგირების გამო. ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების საპასუხოდ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი.
რეზოლუციის მიღებას წინ უძღოდა ევროპარლამენტში გამართული დებატები, რომლის ფარგლებშიც დოკუმენტის ავტორებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები წარმოადგინეს.
აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და მისი მიღება სანქციების ავტომატურად ამოქმედებას არ ნიშნავს.