4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე ამავე საქმეში მონაწილე პირების საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება დანაშაულის აღიარებად ან მონანიებად არ უნდა შეფასდეს.
ამის შესახებ ნათქვამია ბურჭულაძის წერილში, რომელიც მის პირად გვერდზე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
მისი თქმით, საპროცესო შეთანხმების საკითხს საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, თუმცა პატიმრობაში მყოფ ადამიანებს გათავისუფლების შესაძლებლობის გამოყენების გამო არ უნდა აკრიტიკებდნენ.
„ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა“, – აღნიშნავს ბურჭულაძე.
წერილში ის მიმართავს იმ პირებსაც, რომლებიც საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლების გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ.
„ციხის გარეთ მყოფნო „კეთილისმსურველებო“, დაიმახსოვრეთ , პოლიტიკურ ტყვეებს არ სჭირდებათ გარედან ფარისევლური „ვაიშებრალება“ და ცრემლის ღვრა! ისინი არიან გმირები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მრავალი წლით უნდა დარჩნენ ტყვეობაში და თავი არ დააღწიონ ამ უკანონობას“, – წერს ბურჭულაძე.
ამასთან, პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის ეროვნული კრების ერთადერთი ორგანიზატორი თავად იყო. მისი შეფასებით, ის დღე, რომელსაც ხელისუფლება დამხობის მცდელობას უკავშირებს, სინამდვილეში ერთობისა და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის მაგალითი იყო.