„საქართველოს ფოსტაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. უწყებაში გამოძიების მიმდინარეობას ადასტურებენ, თუმცა ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიების შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.
შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე, მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „საქართველოს ფოსტაში“ განხორციელებულ ცვლილებებსა და ფინანსურ შედეგებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, კომპანია გასული წლების განმავლობაში ზარალზე მუშაობდა, თუმცა მიმდინარე წელი პირველი იქნება, როდესაც „საქართველოს ფოსტა“ მოგებაზე გავა.
პრემიერის ინფორმაციით, შტატების ოპტიმიზაციის შედეგად 2,5 მილიონი ლარი დაიზოგა, წამგებიანი სერვისცენტრების ოპტიმიზაციით კი – 1,1 მილიონი ლარი.
კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა შუამავალ კომპანიებზე, რომლებზეც „საქართველოს ფოსტის“ გარკვეული მომსახურებები იყო გადაცემული. მისი შეფასებით, აღნიშნული პრაქტიკა კორუფციის შესაძლებლობას ქმნიდა.
„ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო. ამას, ალბათ, შესაბამისი უწყებები დაადგენენ. ეს სერვისები დაბრუნდა „საქართველოს ფოსტაში“ და ამის შედეგად, „საქართველოს ფოსტას“ ექნება ყოველწლიურად დამატებით 14,2 მლნ ლარის შემოსავალი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამ დროისთვის უცნობია, უკავშირდება თუ არა საგამოძიებო სამსახურის მოქმედებები პრემიერ-მინისტრის მიერ ნახსენებ შუამავალ კომპანიებსა და შესაძლო კორუფციულ სქემებს.