სახალხო დამცველის აპარატი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომლის თანახმადაც, ომბუდსმენის წარმომადგენელმა პატიმარს ექსპერტიზის ჩატარებისგან თავის შეკავება ურჩია.
უწყების განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არსებობს მსჯავრდებულის ხელმოწერით დადასტურებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, გიორგი დავითაძემ ექსპერტიზის ჩატარების საკითხზე ადვოკატთან კონსულტაციის სურვილი გამოთქვა.
„სახალხო დამცველი ეხმიანება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მხარის მიერ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას და მოუწოდებს მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სახალხო დამცველის რწმუნებულების დისკრედიტაციის მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ომბუდსმენის აპარატის განმარტებით, გიორგი დავითაძის უფლებების დასაცავად საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა საჭირო ღონისძიება განხორციელდა.
უწყების ინფორმაციით, სწორედ სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე დაიწყო გენერალურ პროკურატურაში გამოძიება, რომლის მიმდინარეობაზეც მონიტორინგი დღემდე გრძელდება.
„სახალხო დამცველის რწმუნებულებზე გავლენის მოხდენის ნებისმიერი მცდელობა შემაშფოთებელია და არ ემსახურება არც კონკრეტული პატიმრის და არც სხვა პატიმრების კანონიერი უფლებების დაცვის ინტერესებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატი გიორგი დავითაძის მხარეს მოუწოდებს, შეწყვიტოს მისი წარმომადგენლების მიმართ, უწყების შეფასებით, უსაფუძვლო ბრალდებების გავრცელება.