ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალის უწყვეტი მიწოდება აუცილებელია როგორც ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების შესანარჩუნებლად, ისე რუსეთთან შესაძლო სამომავლო მოლაპარაკებებში მისი პოზიციების გასაძლიერებლად.

ამის შესახებ რუტემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 72-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა კონკრეტულ სამხედრო დახმარებაში უნდა გამოიხატებოდეს, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს დასავლეთის მხარდაჭერის შესუსტება.

„ეს უკრაინას დღეს თავდაცვაში ეხმარება, ამავდროულად კი აძლიერებს მის პოზიციებს რუსეთთან შესაძლო სამომავლო მოლაპარაკებებში. თუმცა, მხარდაჭერა კონკრეტული უნდა იყოს. პუტინს უნდა ვაჩვენოთ, რომ მისი მცდელობები, შეასუსტოს ჩვენი მხარდაჭერა, კრახით დასრულდება“, – განაცხადა რუტემ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა ალიანსის წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების საკითხებზეც. მისი შეფასებით, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის პარალელურად აუცილებელია ნატო-ს ქვეყნების საზოგადოებებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობის გაძლიერება.

რუტემ განსაკუთრებით გამოყო შესაძლო დივერსიული ქმედებებისგან ენერგეტიკული, სატრანსპორტო, სამედიცინო და საკომუნიკაციო სისტემების დაცვის მნიშვნელობა.

„ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ელექტროენერგია არ გაითიშება, სახლებში სითბო შენარჩუნდება, ხოლო საავადმყოფოები, ტრანსპორტი და საკომუნიკაციო სისტემები შეუფერხებლად განაგრძობენ მუშაობას“, — აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

რუტეს განცხადების მიხედვით, ალიანსისთვის პრიორიტეტულია როგორც უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, ისე წევრი სახელმწიფოების მზადყოფნის უზრუნველყოფა შესაძლო უსაფრთხოების გამოწვევების მიმართ.