ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც 12 ოქტომბერს ლუქსემბურგში გაიმართება, საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სხდომის დღის წესრიგშია.

„მიმდინარე საკითხების ფარგლებში საბჭო საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს“, – აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.

დღის წესრიგის თანახმად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიმართ გახშირებულ ჰიბრიდულ საფრთხეებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რუსეთის ჰიბრიდულ მოქმედებებზე ევროკავშირის რეაგირებას, უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებასა და მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებას.

განხილვამდე მინისტრები მოსაზრებებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან გაცვლიან.

სხდომაზე ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, მათ შორის ირანში განვითარებული მოვლენების ფონზე ნაოსნობის თავისუფლების საკითხს.

გარდა ამისა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ ღაზის სექტორსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე არსებულ მდგომარეობაზე.