“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, უწყვეტი პროტესტის ორი წლის განმავლობაში დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის, თავდასხმის, დაშინების, დევნის, მუქარის, შევიწროებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 600-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა, მათგან 200-მდე – 2026 წელს.

ორგანიზაციის ანგარიში მოიცავს 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებდა.

კვლევის ავტორების შეფასებით, ფიზიკურ და სიტყვიერ თავდასხმებთან ერთად, 2026 წელს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენების ტენდენცია.

ანგარიშში დეტალურად გაანალიზებულია 2026 წლის მაისიდან ნოემბრის ბოლომდე გამოვლენილი შემთხვევები სამი ძირითადი მიმართულებით: სასამართლო და სამართალდამცველი სისტემის საქმიანობა, პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის შეზღუდვა და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებები.

ანგარიშის ძირითადი მონაცემები

 მედიის წინააღმდეგ აღრიცხული შემთხვევა ორ წელიწადში –  600+
შემთხვევა 2026 წელს- 200-მდე
ჟურნალისტი, რომელსაც პარლამენტში აკრედიტაციის პრობლემა შეექმნა – 20-მდე
მოხსენებითი ბარათი ორი კრიტიკული მაუწყებლის წინააღმდეგ – 7

სასამართლო და სამართალდამცველი სისტემა – დაკავებები, ჯარიმები და სასამართლო დავები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, ჟურნალისტების წინააღმდეგ სასამართლო და სამართალდამცველი სისტემის გამოყენება სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობს, მათ შორის ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებითა და ე.წ. SLAPP სარჩელებით.

SLAPP სტრატეგიულ სასამართლო დავებს გულისხმობს, რომელთა მიზანიც, როგორც წესი, საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ საჯარო დისკუსიისა და კრიტიკული საქმიანობის შეზღუდვაა.

ანგარიშში განხილულია როგორც ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობასთან, ისე მათ საჯარო განცხადებებსა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებთან დაკავშირებული საქმეები.

ნანუკა ჟორჟოლიანისა და ირაკლი ჩიხლაძის საქმეები

19 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “პირველის” წამყვანს, ნანუკა ჟორჟოლიანს სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

30 მაისს კი ჯაშუშობის ბრალდებით ინტერნეტგამოცემა “ახალი კავკასიის” ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ჩიხლაძის სასამართლო სხდომები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული გარემოება საზოგადოებას საქმის დეტალებისა და წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობის შეფასების შესაძლებლობას უზღუდავს.

ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებს, საქმეს აბსურდულს უწოდებს და მისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნას მოითხოვს. მისი ადვოკატის განცხადებით, საგამოძიებო უწყებების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ჯაშუშობის ბრალდებას არ ადასტურებს.

სისხლისსამართლებრივი გამოძიება “ფორმულას” სიუჟეტებთან დაკავშირებით

16 ივნისს საქართველოს პროკურატურამ რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიმართვის საფუძველზე ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა.

საქმე ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში 2025 წლის დეკემბერსა და 2026 წლის იანვარში გასულ სიუჟეტებს უკავშირდება, რომლებიც ხაინდრავას კორუფციულ სქემაში შესაძლო მონაწილეობას ეხებოდა.

მანამდე რეჟისორს სასამართლოსთვის უკვე ჰქონდა მიმართული. იგი მაუწყებლისგან გავრცელებული ინფორმაციის უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 10 000 ლარის გადახდას მოითხოვდა.

გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო უწყებაში “ფორმულას” ორი ჟურნალისტი და ოპერატორი გამოკითხეს.

ვახო სანაიას დაჯარიმება და ადმინისტრაციული პატიმრობა

ანგარიშში ცალკე ყურადღება ეთმობა ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტისა და წამყვანის, ვახო სანაიას წინააღმდეგ განხორციელებულ სამართლებრივ პროცედურებს.

10 ივლისს სანაია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო 6 000 ლარით დააჯარიმეს.

22 ივლისს მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო 19 ოქტომბერს – ერთთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.

უნგრელი ჟურნალისტის დაკავება და საქართველოდან გამგზავრება

5 აგვისტოს საქართველოში მცხოვრები უნგრელი ჟურნალისტი ლასლო რობერტ მეზეში დააკავეს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აქტიურად აშუქებდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟურნალისტი ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა და საქართველოში ყოფნის ვადები ჰქონდა დარღვეული.

6 აგვისტოს მეზეშმა საქართველო საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა. მანამდე ჟურნალისტი მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობდა.

კობა ფარტენაძის, დიტო ჩუბინიძისა და თორნიკე რაზმაძის საქმეები

17 აგვისტოს წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით “აჭარის ტელევიზიის” ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს. სასამართლომ იგი 2 000 ლარით დააჯარიმა.

22 ოქტომბერს საბოტაჟისა და სამშობლოს ღალატის ბრალდებით გაზეთ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

27 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბლოგერი და ჟურნალისტი თორნიკე რაზმაძე რუსი მედიამენეჯერის, მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფისთვის 3 000 ლარით დააჯარიმა.

ბერა ივანიშვილის სარჩელი ორი ტელეკომპანიის წინააღმდეგ

3 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანიების – “ფორმულასა” და “ტვ პირველის” წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.

საქმე მის ე.წ. თაღლითურ “ქოლცენტრებთან” შესაძლო კავშირის შესახებ მომზადებულ სიუჟეტებს ეხება.

ბერა ივანიშვილი მაუწყებლებისგან მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს.

ელისო კილაძეს ათწლიანი პატიმრობა მიესაჯა

17 ნოემბერს ე.წ. თაღლითური “ქოლცენტრების” საქმეზე გაზეთ “ქრონიკა+”-ის დამფუძნებელსა და რედაქტორს, ჟურნალისტ ელისო კილაძეს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მისი სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, პროცესის დახურვის გამო დაინტერესებულ პირებსა და ჟურნალისტებს საქმის მონიტორინგისა და საზოგადოების სრულყოფილად ინფორმირების შესაძლებლობა არ მიეცათ.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ პირობებში რთულია მსჯელობა იმაზე, რამდენად დასაბუთებული იყო წარდგენილი ბრალდება და რამდენად საკმარის მტკიცებულებებს ეფუძნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.

თავად ელისო კილაძე ბრალს არ აღიარებს.

პარლამენტი და ჟურნალისტების აკრედიტაციის შეზღუდვა

ანგარიშის მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება საქართველოს პარლამენტში მედიის წარმომადგენლების მუშაობას უკავშირდება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მონაცემებით, მხოლოდ 2026 წელს კრიტიკული მედიის 20-მდე წარმომადგენელს საპარლამენტო აკრედიტაცია შეუჩერეს, ვადაზე ადრე გაუუქმეს ან ერთჯერადი აკრედიტაციის მიღებაზე უარი უთხრეს.

ცალკეულ შემთხვევებში ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების ვადა ერთ წელსაც აღწევდა.

ორგანიზაციის შეფასებით, პარლამენტში მოქმედი აკრედიტაციის წესები მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის მიუღებელი კითხვების დასმის გამო ჟურნალისტების სანქცირების ინსტრუმენტად გამოიყენება.

ანგარიშში მოყვანილია რამდენიმე ახალი შემთხვევაც:

ნოემბერში, დეპუტატის საჩივრის საფუძველზე, ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტ ხატია სამხარაძეს საპარლამენტო აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერეს. იმავე ხანგრძლივობით შეუჩერდა აკრედიტაცია 17 ნოემბერს ტელეკომპანია “ფორმულას” გამომძიებელ ჟურნალისტ ნინუცა კეკელიასაც.

აგვისტოში კი საგამოძიებო სტუდია “მონიტორმა” განაცხადა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში მის ჟურნალისტებს ერთჯერადი საპარლამენტო აკრედიტაციის მიღებაზე ოთხჯერ ეთქვათ უარი.

ორგანიზაცია ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, მისი შეფასებით, დამოუკიდებელ მედიასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ, მაშინ როდესაც კომუნიკაციების კომისია მაუწყებლებისგან ბალანსის პრინციპის დაცვას მოითხოვს.

კომუნიკაციების კომისია და მაუწყებლების მიერ გამოყენებული პოლიტიკური ტერმინოლოგია

კვლევის მესამე მიმართულება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობას ეხება.

ანგარიშის ავტორები 2026 წელს კრიტიკული მაუწყებლების მიმართ მარეგულირებელი ორგანოს გააქტიურებაზე მიუთითებენ.

ორგანიზაცია ამ პროცესს თებერვალში დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების – “იმედისა” და “პოსტვის” წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს.

ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიების – “ფორმულასა” და “ტვ პირველის” წინააღმდეგ ჯამში შვიდი მოხსენებითი ბარათი შეადგინა.

მაუწყებლების მიმართ სანქციები ეთერში გამოყენებულ სიტყვებსა და ფრაზებს უკავშირდებოდა.

თავდაპირველად კომისიამ მაუწყებლები გააფრთხილა, შემდეგ თითოეულს 2 500-ლარიანი, მოგვიანებით კი 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 1 ოქტომბერს კომისიამ „ფორმულას“ 10 000 ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილებაც მიიღო.

მაუწყებლების მიმართ ფინანსური სანქციების ზრდა

პირველი ფინანსური სანქცია – 2,500 ₾
შემდგომი სანქცია – 5,000 ₾
1 ოქტომბერი – “ფორმულა” – 10,000 ₾

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ კომუნიკაციების კომისიამ მონიტორინგის ფარგლებში სანქციები სხვა მაუწყებლებსაც – “იმედს”, “პოსტვისა” და “რუსთავი 2-ს” დაუწესა.

სიტყვიერი გაფრთხილებების შემდეგ თითოეული მათგანი 2 500 ლარით დაჯარიმდა.

თუმცა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიიჩნევს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებებს ფორმალური ხასიათი აქვს და ისინი მარეგულირებელი ორგანოს მიუკერძოებლობის წარმოჩენას ემსახურება.

ორგანიზაციის შეფასებით, კრიტიკული მაუწყებლების მიერ გამოყენებული პოლიტიკური ტერმინოლოგიის რეგულირება ცენზურის ნიშნებს შეიცავს.

ფიზიკური თავდასხმებიდან ფინანსურ და ინსტიტუციურ ზეწოლამდე

ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი დასკვნაა, რომ ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმების პარალელურად, დამოუკიდებელი მედიისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა სამართლებრივი, ფინანსური და ადმინისტრაციული შეზღუდვები.

ორგანიზაცია ასევე მიუთითებს ჟურნალისტების წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში ტროლებისა და ბოტების გამოყენებით წარმოებულ საინფორმაციო კამპანიებსა და კიბერთავდასხმებზე.

კვლევის ავტორების შეფასებით, აღნიშნული პროცესების ერთობლიობა დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის შეზღუდვასა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე ინფორმაციის გავრცელების შეფერხებას ემსახურება.

მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი მედია საქართველოში კვლავ განაგრძობს თავისი ძირითადი პროფესიული მოვალეობის, საზოგადოების ინფორმირების შესრულებას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმის თავდასხმისა და შევიწროების მსხვერპლი გახდნენ.

წყარო: “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” 2026 წლის ნოემბრის ანგარიში.