დონალდ ტრამპის განცხადებები, აშშ-ის პოლიტიკა უკრაინისა და ირანის მიმართ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირება და შეთანხმების პერსპექტივები – ამ საკითხებზე „რადიო მაესტროს“ ეთერში ჟურნალისტ ლევან ჭითანავას კითხვებს საგარეო პოლიტიკის მკვლევარმა, გიორგი კობერიძემ უპასუხა.
— ბოლო დღეებში აშშ-ის პრეზიდენტისგან განსხვავებული განცხადებები გვესმის. ეს საგარეო პოლიტიკის ცვლილებაზე მიუთითებს თუ მხოლოდ რიტორიკაა?
— ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არათანმიმდევრულობაა. პრეზიდენტი ხშირად აანონსებს შედეგს, რომელიც შემდეგ არ დგება. მან არაერთხელ განაცხადა, რომ შეთანხმება ახლოს იყო როგორც ირანთან, ისე რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, თუმცა ეს მოლოდინი ჯერჯერობით არ გამართლდა.
ასეთი განცხადებები რეპუტაციულ ზიანს აყენებს როგორც თავად პრეზიდენტს, ისე შეერთებულ შტატებს. როდესაც ლიდერი მოლაპარაკებებს პოლიტიკური კამპანიის ნაწილად აქცევს და წარმატებას წინასწარ აცხადებს, მოწინააღმდეგეს შეუძლია ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს – ბოლო ეტაპზე შეცვალოს პოზიცია და შეთანხმება ჩაშალოს.
ირანთან დაკავშირებით ყურადღების ჰორმუზის სრუტის გახსნაზე გადატანაც კითხვებს აჩენს. კონფლიქტამდე სრუტე ღია იყო. შესაბამისად, მხოლოდ მიმოსვლის აღდგენა ვერ უპასუხებს იმ თავდაპირველ მიზნებს, რომლებიც ომის დაწყებისას სახელდებოდა.
ამასთან, დაპირისპირება მხოლოდ ჰორმუზის სრუტეს აღარ ეხება. საფრთხეები უკავშირდება წითელ ზღვასა და ბაბ-ელ-მანდების სრუტესაც. ირანის მოკავშირე ჰუსიტების მოქმედებები კონფლიქტს დამატებით მასშტაბს აძლევს.
— რა შეიძლება იყოს ამ ცვალებადი პოლიტიკის მთავარი მოტივი? რამდენად დიდ როლს ასრულებს პრეზიდენტის პირადი ამბიციები?
— ტრამპს სურს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვოს. პრობლემა ისაა, რომ გადაწყვეტილებები იმდენად პერსონალიზებული და ცვალებადი გახდა, თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკური ხაზის დანახვა რთულია.
არაპროგნოზირებადობა გარკვეულ ვითარებაში შეიძლება პოლიტიკური ინსტრუმენტი იყოს, მაგრამ მას მყარი სტრატეგია უნდა ახლდეს. როდესაც ასეთი საფუძველი არ ჩანს, გაურკვევლობა მოკავშირეებშიც ჩნდება. კითხვები აშშ-ის პოზიციებთან დაკავშირებით ისრაელსაც კი უჩნდება.
ეს მხოლოდ დღევანდელი ადმინისტრაციისთვის დამახასიათებელი მოვლენა არ არის. ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროსაც ვხედავდით სწრაფ ცვლილებებს ჩრდილოეთ კორეის, ჩინეთისა და უკრაინის მიმართ დამოკიდებულებაში. ამიტომ მიმდინარე განცხადებების მიღმა ერთი უცვლელი ხაზის ძიება რთულია.
— თუმცა სამხედრო ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ განცხადებები და რეალური გადაწყვეტილებები ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა. უკრაინის დახმარების შემთხვევაში რამდენად შენარჩუნებულია თანმიმდევრულობა?
— მხოლოდ რიტორიკაზე ვერ ვისაუბრებთ. ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ვნახეთ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტა და შემდგომ აღდგენა, ასევე იარაღის მიწოდების შემცირება. შეიცვალა ზეწოლის მიმართულებაც და უკრაინის მიმართ საჯარო დამოკიდებულებაც.
ამავე დროს, აშშ-ის პოლიტიკას მხოლოდ პრეზიდენტის სურვილები არ განსაზღვრავს. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური წონა აქვს. მას უკავშირდება სამუშაო ადგილები და უზარმაზარი შემოსავლები, ამიტომ ამ სისტემის მუშაობის მთლიანად შეცვლა მარტივი არ არის.
პრეზიდენტს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, მაგრამ ფინანსურ გადაწყვეტილებებში კონგრესის როლიც გასათვალისწინებელია. სწორედ ამიტომ ექნება კონგრესის არჩევნების შედეგებს დიდი მნიშვნელობა.
— ირანთან დაპირისპირების გაღრმავებასა და სახმელეთო ოპერაციას თუ ელით?
— რეგიონში საბრძოლო მოქმედებები ისედაც მიმდინარეობს. მათ შორის, იემენში, სადაც ჩართული არიან ჰუსიტები, საუდის არაბეთი და მის მიერ მხარდაჭერილი ძალები. ამიტომ ვითარებას მხოლოდ უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებით ვერ შევაფასებთ.
რაც შეეხება ირანში ფართომასშტაბიან სახმელეთო ოპერაციას, ამას მნიშვნელოვანი გეოგრაფიული სირთულეები ახლავს. მთიანი რელიეფი და უდაბნოები სამხედრო მოქმედებებს ართულებს. ქვეყნის სიღრმეში შესვლა რთული ამოცანა იქნება.
ამასთან, ვერ გამოვრიცხავთ მოქმედებებს ხარკის კუნძულის მიმართულებით, რომელიც ირანის ნავთობის ექსპორტისთვის მნიშვნელოვანია. ამ შესაძლებლობაზე საუბარი და მინიშნებები უკვე იყო.
შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება აშშ-ის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზეც – არჩევნების შედეგებზე და იმაზე, რა პოზიციაში აღმოჩნდება პრეზიდენტი. შიდა ასპარეზზე შეზღუდვების შემთხვევაში მან შესაძლოა მეტი ყურადღება საგარეო პოლიტიკაზე გადაიტანოს, თუმცა იქაც არსებობს ფინანსური და პოლიტიკური შემაკავებელი ფაქტორები.
— თქვენი შეფასებით, რას მიაღწია ამ დაპირისპირებით ირანმა?
— ამ ეტაპზე ირანი დამარცხებულად არ გამოიყურება. რეჟიმი კვლავ მტკიცე და სასტიკია, ხოლო მისი ყველა მოთხოვნაზე დაყოლიება ვერ ხერხდება.
თავდაპირველად საუბარი იყო ბირთვულ პროგრამასა და ბალისტიკურ რაკეტებზე. ახლა კი მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი სრუტის გახსნას ეხება, რომელიც კონფლიქტამდე ისედაც გახსნილი იყო. ეს აშშ-ის ძლიერი პოზიციის მაჩვენებლად ვერ ჩაითვლება.
შესაძლოა, ვაშინგტონმა პოზიციების გასამყარებლად დამატებითი ნაბიჯები გადადგას, მაგრამ მათი მასშტაბი და შედეგი ჯერ გაურკვეველია.
— ოპერაციის დასაწყისში ირანში ხელისუფლების შეცვლაც სახელდებოდა. დღეს რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს აშშ-ს?
— დღევანდელი მოთხოვნები თავდაპირველ განცხადებებთან შედარებით ნაკლებად მასშტაბურია.
თუ საუბარია ძირეულ პოლიტიკურ ცვლილებაზე, ამას რამდენიმე შესაძლო გზა აქვს: სახმელეთო ოპერაცია, ძლიერი შიდა აჯანყება ან ხელისუფლების ისეთი დათმობები, რომლებიც რეალურ ცვლილებებს გამოიწვევს.
ამ ეტაპზე, როდესაც დაპირისპირებაში ეკონომიკური ზეწოლა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, რეჟიმის შეცვლის მიღწევა რთული იქნება. ასევე რთულია ირანის დაყოლიება ბალისტიკური შესაძლებლობების შეზღუდვასა და ურანის გამდიდრების შეჩერებაზე.
— როგორ აფასებთ რუსეთისა და ჩინეთის როლს? ტრამპმა განაცხადა, რომ მათი მხრიდან ირანის დახმარების არ სჯერა.
— ირანის მიერ განხორციელებული ზუსტი დარტყმები აჩენს კითხვას, რა სადაზვერვო შესაძლებლობები აქვს მას და ვისგან შეიძლება იღებდეს დამატებით ინფორმაციას.
ჩემი შეფასებით, ზოგიერთი ასეთი მოქმედების განხორციელება მხოლოდ საკუთარი, სახმელეთო დაზვერვით რთული იქნებოდა. ამას შესაძლოა სჭირდებოდეს პარტნიორი, რომელსაც თანამგზავრული ინფორმაციის მიღებისა და მიწოდების შესაძლებლობა აქვს.
გავრცელდა ცნობები რუსეთის მხრიდან ირანისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებაც. ამის საჯაროდ აღიარება ვაშინგტონისთვის ნიშნავდა იმის აღიარებას, რომ რუსეთი ამ დაპირისპირებაში მოწინააღმდეგე მხარეს ეხმარება. ტრამპის პირადი პოლიტიკური მიდგომებიდან გამომდინარე, ასეთი აღიარება მისთვის სასურველი არ ჩანს.
— როგორია შეთანხმების პერსპექტივა? შეიძლება არჩევნებმა აშშ-ს ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ უბიძგოს?
— პროგნოზის გაკეთება რთულია. აშშ-ის პოზიციები ხშირად იცვლება, ირანი კი საკითხს ხისტად უყურებს და თავს სუსტ მხარედ არ მიიჩნევს. ამიტომ მხოლოდ მუქარით მისი დათმობებზე დაყოლიება რთული იქნება.
ვითარება შეიძლება შეცვალოს ისეთი პირობების შეთავაზებამ, რომლებიც ირანს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს, მაგალითად, სანქციების მოხსნამ. თუმცა ომის თავდაპირველ მიზნებთან შედარებით ასეთი შეთანხმება შეზღუდული შედეგი იქნება.
გასათვალისწინებელია რეგიონული მოკავშირეების პოზიციაც. საუდის არაბეთი დიდი ხანია აშშ-ს ირანის შეკავების მთავარ ძალად განიხილავს. თუ ვაშინგტონი ამ როლზე უარს იტყვის, ეს მის პარტნიორებს საკუთარი პოლიტიკის გადახედვისკენ უბიძგებს.
ბირთვული საკითხის საბოლოოდ მოგვარებაც რთულია. ჩემი შეფასებით, ირანი ამ შესაძლებლობას რეჟიმის გადარჩენას უკავშირებს. ამიტომ დროებითი შეთანხმება პრობლემის სრულად გადაჭრას არ ნიშნავს.
პოლიტიკური გამოსავალი უფრო რეალური ხდება მაშინ, როდესაც ერთ-ერთი მხარე დათმობისთვის მზადაა ან ორივე იმდენად გამოფიტულია, რომ მოლაპარაკება სურს. ამ ეტაპზე ასეთი მზადყოფნა მკაფიოდ არ ჩანს.