უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობა რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი მასშტაბური იერიშის შესახებ გააფრთხილა და მოქალაქეებს უახლოეს დღეებში საჰაერო განგაშის სიგნალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუწოდა.
26 ნოემბრის საღამოს მიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებთან დამატებითი შეიარაღების მიღებასა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის გაძლიერებაზე მუშაობს.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინული დაზვერვა რუსეთის პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციას ფლობს და თავდაცვით ღონისძიებებს შესაბამისად გეგმავს.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის თითოეულ დარტყმას უპასუხებს.
უნგრეთ-უკრაინის ურთიერთობების ახალი ეტაპი
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთში იძულებით გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საერთაშორისო კოალიციას უნგრეთი შეუერთდა.
ზელენსკიმ ეს გადაწყვეტილება უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიართან გამართული შეხვედრისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის შედეგად შეაფასა.
უნგრეთის გაწევრიანების შემდეგ საერთაშორისო ჰუმანიტარულ კოალიციაში უკვე 54 ქვეყანაა გაერთიანებული.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მიმდინარეობს სამხედრო ტყვეების მორიგი მასშტაბური გაცვლისთვის მზადება.