რამდენად რეალურია რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური გზით შეჩერება და შეუძლია თუ არა თურქეთს მხარეების შეთანხმებამდე მიყვანა? პარტია „ჯერ საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, ყოფილი დიპლომატი ნიკოლოზ ხატიაშვილი „რადიო მაესტროსთან“ ინტერვიუში მოლაპარაკებების შესაძლებლობებზე, ვაშინგტონის პოლიტიკასა და მოსკოვის ინტერესებზე საუბრობს.

— უკრაინის პრეზიდენტის განცხადებების ფონზე რამდენად არსებობს რეალური დიპლომატიური სივრცე ომის შესაჩერებლად?

— შეხვედრებისა და მოლაპარაკებების მზაობის შესახებ განცხადებები ადრეც მოგვისმენია. თუმცა ორი საკითხი უნდა გავმიჯნოთ: შედგება თუ არა შეხვედრა და, თუ შედგება, გამოიღებს თუ არა შედეგს.

უკრაინასა და რუსეთს ერთმანეთთან შეუთავსებელი პოზიციები აქვთ. უკრაინისთვის წითელი ხაზია ტერიტორიული მთლიანობა. კიევი არ თანხმდება ტერიტორიების დათმობას, მით უმეტეს, საკუთარი ჯარის გამოყვანას იმ ადგილებიდან, რომლებსაც თავად აკონტროლებს, და მათ რუსეთისთვის გადაცემას.

რუსეთის მხრიდან კი დათმობის მზადყოფნის მკაფიო სიგნალებს ვერ ვხედავთ. ამიტომ ამ ეტაპზე ზელენსკისა და პუტინის პირადი შეხვედრა ნაკლებად სავარაუდოდ მეჩვენება. მისი გამართვის შემთხვევაშიც ხელშესახები შედეგის მიღწევა რთული იქნება.

მნიშვნელოვანია აშშ-ის პოზიციაც. ამერიკაში არჩევნები ახლოვდება და ვფიქრობ, შედეგები უკეთ გამოაჩენს, რა პოლიტიკას გაატარებს ვაშინგტონი უკრაინის მიმართ.

— თურქეთი სამშვიდობო პროცესში ჩართვას ცდილობს. ერდოღანის გააქტიურება რეგიონული გავლენის გაძლიერებას ემსახურება თუ ანკარას რეალურად შეუძლია ომის დასრულებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება?

— თურქეთის ინტერესებშია რეგიონში დამაბალანსებელი როლის შესრულება და შავ ზღვაში ძალთა ბალანსის შენარჩუნება. მას ომის დასრულების ინტერესიც აქვს.

თუმცა შეძლებს თუ არა პუტინისა და ზელენსკის შეხვედრას ისე, რომ მას შედეგი მოჰყვეს – ეს სხვა საკითხია. ვფიქრობ, შეთანხმების მისაღწევად უფრო დიდი პოლიტიკური ძალის ჩართვაა საჭირო, როგორიც აშშ-ს აქვს.

თურქეთს საკუთარი ბერკეტებიც გააჩნია, მათ შორის შავ ზღვასა და სრუტეებთან დაკავშირებული გავლენა. მაგრამ რამდენად გამოიყენებს მათ და რამდენად ეფექტიანი იქნება ეს, წინასწარ რთული სათქმელია.

საბოლოო გადაწყვეტილებები რუსეთმა და უკრაინამ უნდა მიიღონ, თუმცა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჩართულობით. თურქეთი ამ პროცესის ნაწილი აუცილებლად იქნება.

— რამდენად უღირს თურქეთს შუამავლობის პროცესში რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება?

— თურქეთს რუსეთთან ურთიერთობის გარკვეულ დონეზე გამწვავება შეუძლია – მსგავსი პერიოდები ადრეც გვინახავს. თუმცა მისი მოქმედება საკუთარი ინტერესებით განისაზღვრება.

ანკარას რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა სჭირდება, მაგრამ რუსეთის შეკავებაც მის ინტერესებშია. მიუხედავად თანამშრომლობისა, თურქეთი რუსეთს რეგიონულ კონკურენტადაც აღიქვამს.

შესაბამისად, უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთის გავლენის შეზღუდვა თურქეთის ინტერესებს შეიძლება ემთხვეოდეს. არ გამოვრიცხავ, ამ მიზნებისთვის გარკვეულ ზეწოლასაც მიმართოს.

შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შეზღუდვის ფონზე ერდოღანს საკუთარი პოზიციების გამყარების შესაძლებლობაც აქვს. ამავდროულად, უკრაინასთან ურთიერთობის გაღრმავებაც შეუძლია.

— თურქეთი შეძლებს ნეიტრალური შუამავლის როლის შენარჩუნებას თუ მისი მხარდაჭერა უფრო მეტად უკრაინისკენ გადაიხრება? რამდენად დაემთხვევა მისი მიდგომა აშშ-ის პოზიციას?

— თურქეთისა და უკრაინის სამხედრო თანამშრომლობა გვახსოვს, მათ შორის „ბაირაქტარის“ დრონების როლი ომის საწყის ეტაპზე.

ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია, რომ თურქეთი რუსეთის მხარდასაჭერად ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რომლებიც სამომავლოდ თავად შეუქმნის პრობლემებს. ვფიქრობ, ანკარა შუამავლობის შესაძლებლობის შენარჩუნებას შეეცდება, თუმცა მისი მხარდაჭერა უფრო მეტად უკრაინისკენ გადაიხრება.

თურქეთისთვის მნიშვნელოვანია ევროპასთან ურთიერთობაც – როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით.

აშშ-სთან მისი ურთიერთობა პერიოდულად იცვლება: თანამშრომლობას დაძაბულობაც ენაცვლება. მაგრამ უკრაინის საკითხზე არ ვფიქრობ, რომ ანკარა აუცილებლად ვაშინგტონის ყველა ცვლილებას გაჰყვება ან უკრაინის წინააღმდეგ წავა.

— თქვენი შეფასებით, რა სურს ტრამპის ადმინისტრაციას – კონკრეტული პირობებით მშვიდობის მიღწევა თუ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება?

— წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპი განსაკუთრებით აქტიური იყო და ომის დასრულება სურდა. ასეთი შედეგი მისთვის პოლიტიკური წარმატება იქნებოდა.

თუმცა არჩევნებამდე ამის მიღწევა ვერ მოხერხდა. ახლა შესაძლებელია, არჩევნების შემდეგ აშშ-ის პოზიცია ისევ შეიცვალოს. ბევრი რამ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

ამჟამინდელი ადმინისტრაცია საკითხს ხშირად გარიგების ლოგიკით უყურებს. ამავდროულად, რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნებაც სურს. ტრამპის პოზიციები იცვლება და ამიტომ ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება რთულია.

თუ აშშ-ის უფრო ფართო საგარეო პოლიტიკურ და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს შევხედავთ, უკრაინის გამარჯვება ევროპული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ თეთრი სახლის კონკრეტული პოზიცია და ეს გრძელვადიანი ინტერესები, ჩემი შეფასებით, ყოველთვის ერთმანეთს არ ემთხვევა.

— ტრამპმა განაცხადა, რომ დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში შესაძლოა „მისტერ ვეტოდ“ იქცეს. რას შეცვლის კონგრესში ძალთა ბალანსი?

— აშშ-ში ინსტიტუტები ძლიერია. არაერთხელ გვინახავს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებების განხორციელებას სწორედ ინსტიტუციური მექანიზმები ზღუდავს.

არ გამოვრიცხავ, დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვონ. სენატთან დაკავშირებით ასეთივე დარწმუნებით ვერ ვისაუბრებ – იქ კონკურენტულ ვითარებას ველი.

თუ დემოკრატები წარმომადგენელთა პალატას გააკონტროლებენ, მათ ტრამპის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის ბერკეტები ექნებათ, მათ შორის საგამოძიებო და ზედამხედველობის მექანიზმები.

ჩემი მოლოდინით, დემოკრატებს წარმატების შანსი აქვთ, თუმცა არჩევნების შედეგებს შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ზრდაც შეიძლება მოჰყვეს.

— რამდენად მზად არის თავად რუსეთი ომის დასასრულებლად? მოსკოვი დიპლომატიურ გამოსავალს ეძებს თუ მოლაპარაკებების შესაძლებლობას დროის მოსაგებად იყენებს?

— რუსეთს შეუძლია ომი შეაჩეროს და მიღებული შედეგი საკუთარ საზოგადოებას გარკვეულ წარმატებადაც წარუდგინოს. თუმცა პუტინი ამ ნაბიჯს არ დგამს.

ჩემი შეფასებით, მას ომის დასრულების შიდა შედეგებიც აფიქრებს. რუსეთის ეკონომიკა საომარ საჭიროებებზეა გადაწყობილი, საზოგადოებრივი მობილიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილიც ომს უკავშირდება.

მის შეწყვეტას შეიძლება ისეთი ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევები მოჰყვეს, რომლებიც პუტინის მმართველობაზე უარყოფითად აისახება.

ამიტომ მთავარი კითხვა მხოლოდ ის არ არის, შეუძლია თუ არა მოსკოვს ომის შეჩერება. მნიშვნელოვანია, რატომ არ იღებს პუტინი ამ გადაწყვეტილებას.

ჟურნალისტი: ლევან ჭითანავა

გადაცემის სტუმარი: ნიკოლოზ ხატიაშვილი, პარტია „ჯერ საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, ყოფილი დიპლომატი