ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესაძლო შედეგები, საზოგადოების პოლიტიკური გადაღლა და პროტესტის განახლების შესაძლებლობა – ამ საკითხებზე სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი „რადიო მაესტროსთან“ ინტერვიუში საუბრობს. მისი შეფასებით, პროცესი მხოლოდ პარტიების მომავალს არ ეხება – ის ამომრჩევლის არჩევანის თავისუფლებას უკავშირდება. კაჭკაჭიშვილი განმარტავს, რატომ არ ნიშნავს ოპოზიციური პარტიების მიმართ დაბალი ნდობა პროტესტის რესურსის ამოწურვას და რა პირობებში შეიძლება საზოგადოებრივი უკმაყოფილება მასობრივ გამოსვლებში გადაიზარდოს.

— როგორ აღიქვამს საზოგადოება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს? შეიძლება ეს საკითხი პარტიულ დაპირისპირებას გასცდეს და პოლიტიკური არჩევანის თავისუფლების საკითხად იქცეს?

—  ვფიქრობ, ეს საკითხი აუცილებლად გასცდება პარტიულ საზღვრებს და მხოლოდ პოლიტიკური წრეების რეაქციას არ გამოიწვევს. შესაძლოა, ის ხელისუფლების იმ მხარდამჭერების შეშფოთების საფუძველიც გახდეს, რომლებიც „ქართული ოცნების“ მიმართ უპირობო ერთგულებით არ გამოირჩევიან.

აქ მთავარი მხოლოდ ის პარტიები არ არის, რომელთა აკრძალვასაც ითხოვენ. საკითხი მათ ამომრჩევლებს ეხება. ამ პოლიტიკურ ძალებს მოქალაქეებმა მხარი დაუჭირეს და მათი აკრძალვა ამ ადამიანების არჩევანის შეზღუდვას ნიშნავს.

ადამიანის თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი გამოხატულება არჩევანის თავისუფლებაა. როდესაც მოქალაქე არჩევნებზე მიდის და პოლიტიკურ ძალას საკუთარი ნებით ირჩევს, ის ამ უფლებას იყენებს.

მის თავისუფალ ნებაში ასეთი ჩარევა პროტესტს უნდა იწვევდეს არა მხოლოდ კონკრეტული პარტიის მხარდამჭერებში. მსგავსი საფრთხის წინაშე მომავალში ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს, მათ შორის ხელისუფლების დღევანდელი ამომრჩეველიც.

— საზოგადოებაში ხედავთ ნიშნებს, რომ საკითხი ასეთი სიმწვავით აღიქმება? რატომ არ გარდაიქმნება ეს დამოკიდებულება მასობრივ საპროტესტო გამოსვლებად?

— ამ ეტაპზე პროცესი ჯერ მიმდინარეობს. თუმცა საზოგადოებრივი განწყობის შეფასებისას ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ კონკრეტული პარტიისადმი სიმპათია და არჩევნებზე გაკეთებული არჩევანი.

გამოკითხვაში ადამიანი შეიძლება ვერ ასახელებდეს მისთვის მისაღებ პარტიას. არჩევნებზე კი, მიუხედავად იმისა, რომ იდეალური პოლიტიკური ძალა ვერ იპოვა, მაინც რომელიმე მათგანს მისცეს ხმა.

გასაგებია, რომ არსებული ოპოზიციური პარტიების მიმართ ნდობა მაღალი არ არის. შესაძლოა, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი ახალ პოლიტიკურ ძალას ან არსებული პარტიების განსხვავებულ კონფიგურაციას ელოდებოდეს. მაგრამ ეს მისი ოპოზიციური განწყობის გაქრობას არ ნიშნავს.

მასობრივი პროტესტის ორგანიზებას კი დამატებითი პირობები სჭირდება: ორგანიზაციული შესაძლებლობები, ლოგისტიკა და ადამიანები, რომლებსაც პროცესის წარმართვა შეუძლიათ. მხოლოდ უკმაყოფილების არსებობა საკმარისი არ არის.

— თუ კონკრეტულ პარტიებს დაბალი მხარდაჭერა აქვთ, შეიძლება მათი აკრძალვაც საზოგადოების ნაწილმა ნაკლებად მტკივნეულად მიიღოს?

— არსებული პარტიების მიმართ დაბალი ნდობა არ გამორიცხავს უფრო ფართო საფრთხის გაცნობიერებას.

ადამიანმა შეიძლება დღეს არცერთ ამ პარტიას არ დაუჭიროს მხარი, მაგრამ გაუჩნდეს კითხვა: თუ ხვალ მისთვის მისაღები პოლიტიკური ძალა გამოჩნდება, რა გარანტია აქვს, რომ მასაც არ აკრძალავენ?

პრობლემა სწორედ ეს არის. ხელისუფლების გზავნილი შეიძლება ასე აღიქმებოდეს: დასაშვებია მხოლოდ მმართველი პარტიის არჩევა, მისგან დამოუკიდებელი კონკურენტები კი მტრებად, აგენტებად ან ეროვნული ინტერესების მოწინააღმდეგეებად ცხადდებიან.

ეს ავტორიტარული ლოგიკაა. ამიტომ განხილვის ცენტრში უნდა იდგეს მოქალაქის თავისუფალი არჩევანი და არა მხოლოდ ცალკეული პარტიის რეიტინგი.

— შეიძლება საზოგადოების ნაწილი ფიქრობდეს, რომ ამ პროცესს პოლიტიკური განახლება და ახალი სახეების გამოჩენა მოჰყვება?

— რა თქმა უნდა, ნებისმიერ მოვლენას შეიძლება სხვა შედეგებიც მოჰყვეს. პარტიების აკრძალვამ შესაძლოა ახალი საპროტესტო ენერგია წარმოშვას.

მთავარი ამომრჩეველია. ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები საკუთარი ინტერესების ორგანიზებულად გამოხატვის ფორმას ყოველთვის მოძებნიან. შესაძლოა, გაძლიერდნენ არსებული პოლიტიკური ძალები, რომლებსაც აკრძალვა არ შეეხება, ან ახალი პარტიები შეიქმნას.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოება თავად აკრძალვის გადაწყვეტილებას უნდა შეეგუოს.

არ არსებობს გარანტია, რომ საფრთხე ახალ პოლიტიკურ ძალებსაც არ დაემუქრებათ. თუ ხელისუფლებამ კონკურენტების ჩამოშორების ეს მექანიზმი გამოიყენა, შესაძლოა, მოგვიანებით სხვების აკრძალვის მიზეზიც მოძებნოს.

— რამდენად არის საზოგადოება დაღლილი ხანგრძლივი პოლიტიკური დაპირისპირებით? შეიძლება ამან პროტესტის ნაცვლად პასიურობა წარმოშვას?

— გადაღლისა და იმედგაცრუების ფაქტორს ვერ გამოვრიცხავთ.

ადამიანები ელოდნენ და ელოდებიან, რომ მასობრივი საპროტესტო მოძრაობა ხელშესახებ შედეგს გამოიღებს. გარკვეული შედეგები იყო, მაგრამ არა იმ მასშტაბის, რომელიც ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების მოლოდინს დააკმაყოფილებდა.

თუმცა გადაღლა მუდმივი და შეუქცევადი მდგომარეობა არ არის. საპროტესტო მოძრაობებს აღმასვლისა და დაღმასვლის პერიოდები ახასიათებს.

არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლების ხისტი პოლიტიკის ფონზე გადაღლილმა საზოგადოებამ ენერგია ისევ მოიკრიბოს და არსებული ვითარება ახალი ძალით გააპროტესტოს.

— შეიძლება პარტიების აკრძალვამ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ახალი გამყოფი ხაზი გააჩინოს? რა სოციალური შედეგებია მოსალოდნელი?

— ეს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას შორის დაპირისპირებას გააღრმავებს. ისედაც მაღალი პოლარიზაცია კიდევ უფრო გაიზრდება.

პოლარიზაცია განვითარებას აფერხებს და სტაგნაციისა თუ კონფლიქტების რისკს ზრდის. ასეთ პირობებში სტაბილური განვითარება რთულია. საზოგადოება ისევ ურთიერთბრალდებების, დაპირისპირებისა და რეპრესიების გარემოში რჩება.

გრძელვადიან პერსპექტივაში ორი შესაძლო სცენარი შეიძლება გამოვყოთ. უარესი სცენარია ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია. უკეთესი კი  ისეთი საზოგადოებრივი პროტესტის გაძლიერება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლებას დააკარგვინებს.

ჟურნალისტი: ლევან ჭითანავა

გადაცემის სტუმარი: იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი