ბელგიის პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პოლიციას ქვეყანაში ცხოვრების უფლების არმქონე მიგრანტების საცხოვრებელ სახლებში შესვლისა და ჩხრეკის შესაძლებლობას აძლევს. გადაწყვეტილებას უფლებადამცველი ორგანიზაციების პროტესტი მოჰყვა.

Reuters-ის ინფორმაციით, კანონპროექტი პარლამენტმა 6 ნოემბერს, გამთენიისას, ხანგრძლივი განხილვის შემდეგ მიიღო. ცვლილება პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერის მთავრობის საიმიგრაციო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში უკანონო მიგრაციის შემცირებასა და გაძევების შესახებ გადაწყვეტილებების აღსრულებას ისახავს მიზნად.

ახალი რეგულაცია ყველა მიგრანტს არ შეეხება. საცხოვრებელ სახლებში შესვლა დასაშვები იქნება იმ პირების შემთხვევაში, რომლებსაც თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვათ, არ შეასრულეს ქვეყნის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევიან.

კანონის თანახმად, საცხოვრებელ სახლში შესვლისთვის აუცილებელია საგამოძიებო მოსამართლის წინასწარი ნებართვა. Reuters-ის ცნობით, შესაბამისი მოქმედებები დილის 5-დან 9 საათამდე, საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლების თანდასწრებით უნდა განხორციელდეს.

მთავრობა გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობით ხსნის. ხელისუფლების პოზიციით, ახალი მექანიზმი სამართალდამცველებს იმ პირების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებების აღსრულებაში დაეხმარება, რომლებიც ქვეყანაში დარჩენის უფლებას არ ფლობენ და უსაფრთხოებისთვის საფრთხედ არიან მიჩნეული.

კანონის მიღებას წინ უძღოდა საპროტესტო გამოსვლები. ბრიუსელში დაახლოებით 3 000-მა ადამიანმა იუსტიციის სასახლის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შექმნა. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში კი 50-ზე მეტი საპროტესტო აქცია და შეკრება გაიმართა.

საკანონმდებლო ცვლილებას აკრიტიკებენ უფლებადამცველი ორგანიზაციები და იურისტები. მათი შეფასებით, საიმიგრაციო კონტროლის მიზნით კერძო საცხოვრებელ სახლებში შესვლამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და კონსტიტუციით დაცულ უფლებებს.

Amnesty International-მა პარლამენტს კანონპროექტის უარყოფისკენ მოუწოდა. ორგანიზაციის განცხადებით, ცვლილებებმა შესაძლოა, გავლენა იქონიოს არა მხოლოდ მიგრანტებზე, არამედ იმ ადამიანებზეც, რომლებიც მათ საცხოვრებლით ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფენ.

უფლებადამცველები ასევე მიუთითებენ, რომ კანონში არასაკმარისად არის განსაზღვრული, რა გარემოებებში შეიძლება ჩაითვალოს ადამიანი საზოგადოებრივი წესრიგისა თუ ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ.

მიუხედავად კრიტიკისა, პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა. ბელგიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალი რეგულაციის მიზანი გაძევების შესახებ გადაწყვეტილებების აღსრულებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.