აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, ირანთან ომის განახლების ბრძანების გაცემა მოუწიოს, თუკი თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში წინსვლა იქნება და ჰორმუზის სრუტე გაიხსნება.  “ეს იმაზეა დამოკიდებული, მოაწერენ თუ არა ხელს ძალიან მყარ შეთანხმებას. ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს საჭირო გახდეს. ის ჩამოშლის პირას მყოფი ქვეყანაა. ახლახან გახდა ცნობილი, რომ წელს ინფლაციამ 301% შეადგინა. ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს საჭირო იყოს. საჭიროების შემთხვევაში ამას გავაკეთებდი, მაგრამ ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყით. მე მათ ისე დავარტყი არც კი იცით, რამდენად ძლიერად დავარტყი”, – განაცხადა  ტრამპმა CNN-თან ინტერვიუში.  ამასთან, მისი თქმით, რეგიონში განლაგებული აშშ-ის ძალები მზადყოფნაში არიან იმ შემთხვევისთვის, თუ ის დარტყმის ბრძანებას გასცემს. Ამასთან, ტრამპის  თქმით, სამხედრო მოქმედებების განახლების შემთხვევაში, აშშ-ს ირანში ინფრასტრუქტურული სამიზნეები, მათ შორის ელექტროსადგურები და ხიდები, უკვე განსაზღვრული აქვს.

რაც შეეხება ირანის შესაძლებლობას, თავი დაიცვას აშშ-ის ახალი დარტყმებისგან, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები განადგურებულია.  “ამის შეჩერება შეუძლებელია, რადგან მათ არანაირი საზენიტო საშუალება არ გააჩნიათ. მათი ყველა საზენიტო სისტემა განადგურებულია“, – აღნიშნა ტრამპმა.  მისი თქმით, ირანს შემორჩენილი აქვს თავისი სარაკეტო პოტენციალის 10%, ხოლო დრონების შესაძლებლობების – 15%.  ახალი სამხედრო მოქმედებების დაწყების შესაძლებლობაზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა: „დიდი ალბათობით, ამის საჭიროება არ იქნება. მათ ძალიან სურთ შეთანხმების მიღწევა“.