აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამერიკული დელეგაციის თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა, სადაც სტუმრებს რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო საინვესტიციო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი დახვდა.

დღესვე დაგეგმილია უიტკოფისა და კუშნერის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. TASS-ის ინფორმაციით, შეხვედრა დღის პირველ ნახევარში უნდა გაიმართოს.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, შეხვედრა პროტოკოლური თვალსაზრისით ჩვეულ ფორმატში ჩატარდება.

მანამდე ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტთან იმ საკითხების განხილვას გეგმავენ, რომლებიც 10–11 ნოემბერს აბუ-დაბიში რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის სამმხრივ მოლაპარაკებებზე განიხილეს.

აღნიშნული მოლაპარაკებების მთავარი თემები უკრაინაში ომის დასრულების შესაძლებლობები, უსაფრთხოების გარანტიები, დაძაბულობის შემცირება და ჰუმანიტარული საკითხები იყო.

TASS-ის ცნობით, მოსკოვში შეხვედრების დასრულების შემდეგ უიტკოფი და კუშნერი დუბლინში გამგზავრებას გეგმავენ, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უნდა შეხვდნენ.

წყარო: TASS