საქართველოს პროკურატურამ №8 პენიტენციურ დაწესებულებაში დავით ფეიქრიშვილზე განხორციელებული ძალადობის საქმეზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა. მათ შორის არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე და №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი რამაზ ფირცხალავა.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი პატარიძეს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ხოლო რამაზ ფირცხალავას , სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

ამავე საქმეზე ახალი ბრალდება წარედგინათ №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ხუთ პირს: ვატო ყიფიანს, იგივე ვახტანგ ჟვანიას, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავასა და პავლე გოცირიძეს.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2026 წლის 16 ოქტომბერს ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. გამოძიების ვერსიით, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, პენიტენციური სამსახურის მაშინდელი გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის მითითებითა და დაწესებულების დირექტორის, რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, აღნიშნული პირები, დავით კაჭარავა და პავლე გოცირიძე დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.

საგამოძიებო უწყების შეფასებით, პატიმრების საკანში განაწილებისას დაირღვა პენიტენციური კოდექსისა და შესაბამისი დაწესებულების დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები.

პროკურატურის ცნობით, იმავე დღეს ხუთმა პატიმარმა დავით ფეიქრიშვილზე ჯგუფურად იძალადა. გამოძიების ვერსიით, ძალადობა 20 ოქტომბრამდე გაგრძელდა.

უწყების ინფორმაციით, ფეიქრიშვილმა სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება მიიღო, მათ შორის ოთხი ნეკნისა და ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობები, ასევე თავის ტვინის შერყევა.

პროკურატურის განმარტებით, მიღებული დაზიანებები ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების კატეგორიას მიეკუთვნება, რამაც ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.

საქმეზე გამოძიება თავდაპირველად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიწყო. 25 ოქტომბერს კი სისხლის სამართლის საქმე შემდგომი გამოძიებისთვის გენერალურ პროკურატურას გადაეცა.

პროკურატურის ცნობით, გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავასთვის წარდგენილი ბრალდებები სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ხუთ პატიმარს, მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

საგამოძიებო უწყება ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.