აბუ-დაბიში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დაკავებული ქართველი მებრძოლები, მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი, სავარაუდოდ, დღეს, 13 ნოემბერს, 17:00 საათზე გათავისუფლდებიან. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საბა ლაზიშვილის ძმა, ზვიად ლაზიშვილი აცხადებს.

„გადაწყვეტილება მიღებულია, ბიჭები 5 საათზე თავისუფლები იქნებიან“, – წერს ზვიად ლაზიშვილი.

აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში ქართველ მებრძოლ მერაბ დვალიშვილსა და მის მეგობარ საბა ლაზიშვილს შორის, ერთი მხრივ, და უსმან ნურმაგომედოვსა და მის თანმხლებ პირებს შორის, მეორე მხრივ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დვალიშვილის განცხადებით, მას და საბა ლაზიშვილს ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად დაესხა თავს.

ინციდენტის შემდეგ ადგილობრივმა სამართალდამცველებმა დაპირისპირებაში მონაწილე პირები დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ სულ ათი ადამიანი გადაიყვანა იზოლატორში.

არსებული ინფორმაციით, ქართველების სამართლებრივი საკითხების მოგვარებაში ჩართულია საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

ამ ეტაპზე მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის გათავისუფლების შესახებ ოფიციალური დადასტურება არ გავრცელებულა.