რუსეთის აეროპორტების დროებითი დახურვა ავიაკომპანიებს მარშრუტების შეცვლას აიძულებს, რაც დამატებით ხარჯებსა და მგზავრებისთვის დისკომფორტს იწვევს. რამდენად მოქმედებს ეს მიმართულების მომგებიანობაზე, რა კითხვები არსებობს დაზღვევის პირობებთან დაკავშირებით და სად შეიძლება ქართულმა ავიაკომპანიებმა ალტერნატიული ბაზრები განავითარონ? ამ საკითხებზე „რადიო მაესტროსთან“ ავიაციის ექსპერტი იასე ზაუტაშვილი საუბრობს.

 

 — რა გამოწვევებს უკავშირდება რუსეთის საავიაციო ბაზარზე ოპერირება და რამდენად მნიშვნელოვანია ავიაკომპანიებისთვის აეროპორტების დახურვით გამოწვეული დანაკარგები?

 — აეროპორტების დროებითი დახურვა ავიაკომპანიებისთვის დამატებით ხარჯებს წარმოშობს. თუ თვითმფრინავს მარშრუტის შეცვლა, სათადარიგო აეროპორტში დაფრენა ან უკან დაბრუნება უწევს, ეს ფინანსურ შედეგზეც აისახება.

თუმცა, ჩემი შეფასებით, ეს დანაკარგები უნდა განვიხილოთ იმ შემოსავლებთან ერთად, რომლებსაც რუსეთის მიმართულებით ფრენები იძლევა. ამ ბაზარზე მოთხოვნა მაღალია და ვფიქრობ, მიმართულება ავიაკომპანიებისთვის მომგებიანი რჩება.

კონკრეტული კომპანიის შიდა ფინანსურ მონაცემებზე წვდომა არ მაქვს, ამიტომ ზარალის ზუსტ ოდენობას ვერ შევაფასებ. ჩემი მოსაზრებაა, რომ შეფერხებებით გამოწვეული ხარჯები ამ მიმართულებიდან მიღებულ ფინანსურ სარგებელს არ აღემატება.

 — ანუ არ ამბობთ, რომ დასახელებული ზარალი გადაჭარბებულია?

 — არა, კონკრეტული თანხის სისწორეს ვერ შევაფასებ, რადგან კომპანიის ფინანსური ანგარიშები არ მინახავს. შესაძლებელია, შეფერხებები წლის განმავლობაში მნიშვნელოვან დანაკარგს იწვევდეს, მაგრამ ამასთან ერთად უნდა ვიცოდეთ, რა შემოსავალი მოაქვს მიმართულებას.

მაღალი მოთხოვნა ბილეთების ფასზეც აისახება. ჩემი დაკვირვებით, მოსკოვის მიმართულებით ბილეთი ზოგჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ევროპის უფრო შორეულ ქალაქებში. ეს ბაზრის კომერციულ მიმზიდველობაზე მიუთითებს.

თუ მიმართულება სისტემურად წამგებიანია, ავიაკომპანიამ ალტერნატივები უნდა განიხილოს. თუმცა, ჩემი შეფასებით, რუსეთის ბაზარზე არსებული მოთხოვნის სრულად ჩანაცვლება მოკლე პერიოდში რთული იქნება.

 — რა დამატებითი ხარჯები ჩნდება, როდესაც თვითმფრინავი დანიშნულების აეროპორტის ნაცვლად სათადარიგო აეროდრომზე მიფრინავს?

 — წარმოვიდგინოთ, რომ თვითმფრინავი თბილისიდან მოსკოვში მიფრინავს და აფრენის მომენტში აეროპორტი ჩვეულებრივ მუშაობს. გზაში ეკიპაჟი იღებს შეტყობინებას, რომ უსაფრთხოების გამო აეროპორტი დროებით დაიხურა. ასეთ შემთხვევაში მას სათადარიგო აეროდრომზე გადასვლა უწევს.

იცვლება ფრენის ხანგრძლივობა და იზრდება საწვავის მოხმარება. ამას ემატება სხვა აეროპორტში მომსახურების ხარჯები. შესაძლოა საჭირო გახდეს მგზავრების საკვებითა და წყლით უზრუნველყოფა, ხოლო ხანგრძლივი შეფერხების შემთხვევაში – მათი განთავსებაც.

პრობლემა შეიძლება შეიქმნას ეკიპაჟის სამუშაო დროის თვალსაზრისითაც. თუ დასაშვები დრო ამოიწურა, რეისის გასაგრძელებლად დამატებითი ორგანიზაციული გადაწყვეტილებებია საჭირო.

ეს ავიაკომპანიისთვის რთული ოპერაციული პროცესია, მგზავრისთვის კი – დისკომფორტი და დროის დაკარგვა.

 — რამდენად შესაძლებელია ამ დანაკარგების ანაზღაურება?

 — ასეთ ვითარებაში ხარჯების ანაზღაურებას ავიაკომპანია ავტომატურად ვერ მიიღებს. უსაფრთხოების გამო დაწესებული შეზღუდვები განსაკუთრებულ გარემოებებთან არის დაკავშირებული.

ამიტომ კომპანიამ წინასწარ უნდა შეაფასოს, რა რისკს იღებს და რა ფინანსური რესურსი სჭირდება შეფერხებების სამართავად. მნიშვნელოვანია, რა პირობებია გათვალისწინებული მის ხელშეკრულებებსა და სადაზღვევო დაფარვაში.

 — რუსეთის მიმართულებით ფრენების დაზღვევაზეც საუბრობთ. კონკრეტულად რა საკითხები საჭიროებს გარკვევას?

 — ეს მნიშვნელოვანი თემაა და ცალკე განხილვას მოითხოვს. საერთაშორისო საავიაციო დაზღვევაში დასავლურ ბაზრებსა და კომპანიებს დიდი როლი აქვთ. რუსეთის მიმართულებით მოქმედი შეზღუდვების პირობებში კი ჩნდება კითხვა, ვინ უზრუნველყოფს შესაბამისი რისკების დაფარვას.

ჩემი ინფორმაციით, ასეთ შემთხვევებში ავიაკომპანიები რუსულ სადაზღვევო კომპანიებსაც მიმართავენ. თუმცა შესასწავლია, კონკრეტულად რას მოიცავს ეს პოლისები, რა გამონაკლისებია გათვალისწინებული და რამდენად არის უზრუნველყოფილი შესაძლო ზიანის ანაზღაურება.

ჩემი კითხვა სწორედ ეს არის: რა ფინანსური შესაძლებლობა აქვს მზღვეველს დიდი ზარალის შემთხვევაში და როგორ მუშაობს ანაზღაურების მექანიზმი?

გასარკვევია ქართული სადაზღვევო კომპანიების მონაწილეობაც. კონკრეტული ხელშეკრულებების შესწავლის გარეშე ამ საკითხზე საბოლოო დასკვნის გაკეთება არასწორი იქნება.

 — როგორ ხედავთ რუსეთის მიმართულებით ფრენების ბაზრის განვითარებას? რა უნდა გაითვალისწინონ ავიაკომპანიებმა?

 — ჩემი შეფასებით, მოთხოვნა შენარჩუნდება. საუბარი მხოლოდ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე არ არის – ინტერესი სხვა ქალაქებიდანაც არსებობს.

ვფიქრობ, ტურისტული პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობა უნდა შევინარჩუნოთ. ამასთან, კომპანიებმა გადაწყვეტილების მიღებისას ერთობლივად უნდა შეაფასონ მოთხოვნა, შემოსავლები, ოპერაციული ხარჯები და უსაფრთხოების გარემო.

ჩემი პოზიციაა, რომ შესაბამისი შესაძლებლობა სხვა ავიაკომპანიებსაც უნდა ჰქონდეთ, რომლებსაც ამ მიმართულებებზე მუშაობა სურთ. კონკურენციისა და ბაზარზე წვდომის საკითხებიც მნიშვნელოვანია.

 — სად ხედავთ ალტერნატიული მიმართულებების განვითარების შესაძლებლობას?

 — შესაძლებლობები არსებობს როგორც ევროპაში, ისე აზიაში. საინტერესოა გერმანიისა და იტალიის ქალაქები, ხორვატია, ასევე უფრო შორეული მიმართულებები – მაგალითად, ტაილანდი და იაპონია.

თუმცა ახალი ბაზრის განვითარება მხოლოდ სურვილზე არ არის დამოკიდებული. ამას სჭირდება შესაბამისი საჰაერო ხომალდები, რესურსი და კომერციული გათვლები.

დივერსიფიცირება საჭიროა, მაგრამ რეალისტურად უნდა შევაფასოთ, რამდენად სწრაფად შეძლებს ახალი მიმართულება არსებული ბაზრის ჩანაცვლებას. ჩემი აზრით, მიზანი უნდა იყოს როგორც მოქმედი მოთხოვნის გამოყენება, ისე ახალი ბაზრების თანდათან განვითარება.

 

ჟურნალისტი: ლევან ჭითანავა 

რესპონდენტი: იასე ზაუტაშვილი, ავიაციის ექსპერტი