შეიძლება თუ არა უკრაინაზე მიმდინარე მოლაპარაკებებმა ცეცხლის შეწყვეტამდე მიგვიყვანოს და რა მნიშვნელობა აქვს პროცესში ევროპის მონაწილეობას? დიპლომატი, 2004–2005 წლებში რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ელჩი და პარტია „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელი ვალერი ჩეჩელაშვილი „რადიო მაესტროსთან“ ინტერვიუში საუბრობს დასავლეთის გავლენის შესაძლებლობებზე, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და იმ პირობებზე, რომლებიც დროებით ზავს მყარ მშვიდობად აქცევდა.

— როგორ აფასებთ ბოლო დღეების დიპლომატიურ აქტივობას? მოლაპარაკებები ახალ ეტაპზე გადადის თუ ჯერ პოზიციების შეჯერების მცდელობას ვხედავთ?

— ჯერჯერობით ეს პოზიციების შეჯერებაა, თუმცა თავად მოლაპარაკებების გამართვა მნიშვნელოვანია. მოლაპარაკებები ყოველთვის უკეთესია, ვიდრე მათი არარსებობა.

ჩემი შეფასებით, რუსეთის მიდგომაზე გავლენას ახდენს უკრაინის მიერ წარმოებული ასიმეტრიული, ტექნოლოგიური ომი. უკრაინელები რუსეთს მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ და მას ომის უსასრულოდ გაგრძელების შესაძლებლობა არ აქვს. გამოფიტვის პოლიტიკა, რომელსაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ იყენებდა, თანდათან თავად რუსეთის წინააღმდეგაც მოქმედებს.

დადებითი შედეგია ტყვეების გაცვლაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დაბრუნება, რომლებიც საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დასაცავად იბრძვიან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროცესს გაგრძელების პერსპექტივა აქვს. ევროპელების მონაწილეობით ფორმატის გაფართოება დამატებით შესაძლებლობებს შექმნიდა.

— რა ბერკეტები აქვს ევროპას და როგორ შეუძლია გავლენა მოახდინოს შესაძლო შეთანხმებაზე?

— ევროპა უკრაინის მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. ამასთან, რუსეთი ევროპაში საკუთარი ინტერესების დამკვიდრებას ევროპელების მონაწილეობის გარეშე ვერ შეძლებს.

რუსეთისთვის ევროპული ბაზარი და ევროპული სანქციების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი შეფასებით, იმ საბიუჯეტო და ფინანსური პრობლემების ფონზე, რომელთა წინაშეც ის დგას, ევროპასთან ურთიერთობის მოწესრიგების გარეშე სტაბილურობის შენარჩუნება გაუჭირდება.

ეს ევროპას სერიოზულ ბერკეტებს აძლევს. მათი გამოყენების მიზანი უკრაინისთვის მყარი უსაფრთხოების გარანტიების შექმნა უნდა იყოს. ევროპელები უკრაინის უსაფრთხოებას საკუთარი უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილად განიხილავენ.

— მოსკოვი აქამდე ეწინააღმდეგებოდა ევროპელების უშუალო მონაწილეობას. რატომ შეიძლება დათანხმდეს ფორმატის გაფართოებას და რამდენად შინაარსიანი იქნება ევროპის როლი?

— თუ ევროპელები მოლაპარაკების მაგიდასთან იქნებიან, მათი მონაწილეობა ფორმალური არ იქნება. მათ ექნებათ აქტიური და არგუმენტირებული პოზიცია.

რუსეთი ცდილობდა ტრანსატლანტიკური ერთობის შესუსტებას და ამერიკისა და ევროპის პოზიციების დაშორებას, თუმცა, ჩემი შეფასებით, ამ მიზანს ვერ მიაღწია. დასავლეთის ერთობლივ დოკუმენტებში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კვლავ მკაფიოდ არის გამოხატული.

ამას ემატება სამხედრო, ეკონომიკური და ფინანსური წნეხი. უკრაინის დარტყმები რუსეთის ინფრასტრუქტურაზე დამატებით სირთულეებს ქმნის. ვფიქრობ, ევროპელების პოზიციის გაუთვალისწინებლად მოსკოვს ამ პრობლემების გადალახვა გაუჭირდება.

— მოლაპარაკებების ყველაზე რთული საკითხებია ტერიტორიები და უსაფრთხოების გარანტიები. სად ხედავთ კომპრომისის შესაძლებლობას?

— ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ უკრაინის საკითხი არ არის. ეს პრინციპი ევროპული და გლობალური უსაფრთხოების საფუძველია.

კომპრომისის შესაძლებლობას ვხედავ იმაში, რომ დასრულდეს ომის ცხელი ფაზა, შეწყდეს სროლა და ადამიანების დაღუპვა. შესაძლებელია, რუსეთმა გარკვეული პერიოდით შეინარჩუნოს დე ფაქტო კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს მათი რუსეთის ნაწილად აღიარებას.

ამავე დროს, უნდა გაგრძელდეს ეკონომიკური, ფინანსური და სანქციური წნეხი, რათა შეიქმნას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობები. ამას შეიძლება წლები დასჭირდეს, თუმცა მყარ მშვიდობას ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევაზე ვერ ავაშენებთ.

— შესაძლებელია შეთანხმება უკრაინის მიერ დამატებითი ტერიტორიების დათმობის გარეშე, მიუხედავად რუსეთის მოთხოვნებისა?

— რუსეთის მოთხოვნები წინააღმდეგობრივია. მოსკოვმა საკუთარ კანონმდებლობაში უკრაინის ის ტერიტორიებიც შეიტანა, რომლებსაც სრულად ვერ აკონტროლებს. ეს აჩვენებს, რამდენად პრობლემურია მისი პოზიციის ლოგიკა.

უკრაინისთვის დამატებითი ტერიტორიებიდან ჯარების ნებაყოფლობით გაყვანა მიუღებელია. ჩემი შეფასებით, ეს რუსეთის ტერიტორიული პრეტენზიების სასარგებლოდ პოლიტიკური არგუმენტი გახდებოდა.

უკრაინის პოზიციას აძლიერებს ისიც, თუ რამდენად წარმატებით მოქმედებენ მისი შეიარაღებული ძალები ფრონტზე. სამხედრო ვითარება პირდაპირ აისახება მოლაპარაკებების შესაძლებლობებზე.

— როგორ აფასებთ აშშ-ის ადმინისტრაციის მიდგომას? ერთი მხრივ, ვაშინგტონი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს, მეორე მხრივ კი ტერიტორიულ კომპრომისზეც ისმის განცხადებები.

— ამერიკის პოზიციაში გარკვეული შეუთანხმებლობა ჩანს. ერთი მხრივ, პრეზიდენტი ხელს აწერს დოკუმენტებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს, მეორე მხრივ კი გვესმის განცხადებები ტერიტორიების შესაძლო ახალი კონფიგურაციის შესახებ.

დიპლომატიაში ხელმოწერილ დოკუმენტებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ზეპირი განცხადებები და ოფიციალურად აღებული ვალდებულებები ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ.

ვფიქრობ, პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია ომის დასრულება ან, სულ მცირე, მისი ცხელი ფაზის შეწყვეტა. თუმცა გასათვალისწინებელია ამერიკული საზოგადოების განწყობა და კონგრესის როლიც. ჩემი მოლოდინია, რომ ახალი კონგრესის მუშაობის დაწყების შემდეგ ვაშინგტონის პოზიცია უკრაინის მხარდაჭერის მხრივ უფრო მკაფიო გახდება.

— რამდენად შეუძლია პრეზიდენტს კონგრესის ინიციატივების შეჩერება, მათ შორის ვეტოს გამოყენებით?

— პრეზიდენტს შესაბამისი უფლებამოსილება აქვს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებაც მოუწევს.

თუ კონგრესი უკრაინის დახმარების ინიციატივას განიხილავს, ადმინისტრაციამ უნდა შეაფასოს, რა პოლიტიკური ფასი ექნება მის დაბლოკვას. მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მხარდაჭერა და კონგრესის ხელთ არსებული ფინანსური თუ საზედამხედველო ბერკეტები.

საგარეო პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელოვანი ნაწილი ადმინისტრაციის უფლებამოსილებაში რჩება, მაგრამ კონგრესის შესაძლებლობების უგულებელყოფა შეუძლებელია.

— რა როლი შეიძლება ჰქონდეს თურქეთს მოლაპარაკებების პროცესში?

— თურქეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს პოზიცია პრეზიდენტ ერდოღანს არაერთხელ გამოუხატავს.

უკრაინისთვის თურქეთის გააქტიურება დადებითი ფაქტორია. არ გამოვრიცხავ, რომ მოლაპარაკებების გაფართოების კონტექსტში თურქეთის როლიც გაიზარდოს, თუმცა კონკრეტული ფორმა მომავალში გამოჩნდება.

— რა სცენარს ელოდებით უახლოეს პერიოდში – ცეცხლის შეწყვეტას, ფართო სამშვიდობო შეთანხმებას თუ პროცესის გაჭიანურებას?

— ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი ფრონტზე უკრაინის შემდგომი წარმატებები იქნება. რუსეთის სამხედრო და ადამიანური რესურსის გამოფიტვა მას უფრო კონსტრუქციული პოზიციისკენ უბიძგებს.

ვფიქრობ, ჯერ შესაძლებელია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც უფრო აქტიურ დიპლომატიურ მუშაობას გაუხსნის გზას. ამას შეიძლება თვეები დასჭირდეს.

ამის შემდეგაც რთული პერიოდი დაიწყება. რუსეთმა შესაძლოა დროებით შეინარჩუნოს ფაქტობრივი კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა მათი აღიარება დაუშვებელია. მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს რუსეთის მიმართ წნეხის შენარჩუნების ფონზე.

— არსებობს საფრთხე, რომ მხარეებმა პაუზა სამხედრო ძალების აღსადგენად გამოიყენონ და ომი შემდეგ განახლდეს?

— დიახ, ასეთი საფრთხე არსებობს. ორივე მხარე შეეცდება საკუთარი შესაძლებლობების აღდგენას.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, როგორი იქნება დასავლეთის პოლიტიკა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ – რამდენად ერთიანი და თანმიმდევრული დარჩება ის რუსეთის მიმართ და შენარჩუნდება თუ არა წნეხი.

რუსეთის მიმართ ნდობის საფუძველი არ არსებობს. ამიტომ ცეცხლის შეწყვეტას უნდა ახლდეს ისეთი პირობები, რომლებიც ომის განახლების რისკს შეამცირებს.

ჟურნალისტი: ლევან ჭითანავა

რესპონდენტი: ვალერი ჩეჩელაშვილი – დიპლომატი, 2004-2005 წლებში რუსეთი ფედერაციაშ საქართველოს ელჩი, პარტია ,,ჯერ საქართველოს” თანადამფუძნებელი