ევროპის რამდენიმე ქალაქში სხვადასხვა სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და გარემოსდაცვითი მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრაციები პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, იტალიის ქალაქ მილანში, ალბანეთის დედაქალაქ ტირანასა და შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში მოეწყო. აქციების მონაწილეთა მოთხოვნები განსხვავებულია და მოიცავს საცხოვრებლის ხელმისაწვდომობას, ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ ზომების მიღებას, განათლების სისტემის დაფინანსებას, ხელისუფლების პოლიტიკის შეცვლასა და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი რისკების გათვალისწინებას.
პორტუგალია — პროტესტი საცხოვრებელი კრიზისის წინააღმდეგ
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ათასობით ადამიანი საცხოვრებელი უძრავი ქონების გაძვირების წინააღმდეგ გამოვიდა. დემონსტრანტებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა გამართეს და ხელისუფლებას საცხოვრებელი კრიზისის მოსაგვარებლად ქმედითი ზომების მიღებისკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეები ყურადღებას ამახვილებდნენ საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის პრობლემაზე და ხელისუფლებისგან შესაბამისი პოლიტიკის გატარებას მოითხოვდნენ.
იტალია — პროტესტი ცხოვრების გაძვირებისა და მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ იტალიის ქალაქ მილანში ათასობით ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე, რომელიც მოძრაობა „იტალია მოედანზე“ (Italia in Piazza) ორგანიზებით გაიმართა. დემონსტრანტები ცხოვრების გაძვირებას, სამხედრო გადაიარაღების პოლიტიკასა და პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მთავრობის გადაწყვეტილებებს აპროტესტებდნენ.
მსვლელობას სტუდენტური გაერთიანებები და პალესტინის მხარდამჭერი აქტივისტებიც შეუერთდნენ. დემონსტრაციის მიმდინარეობისას მილანში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული იყო.
ალბანეთი — დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვენ ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში სტუდენტებმა და მოქალაქეებმა მორიგი ანტისამთავრობო აქცია გამართეს. დემონსტრანტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომაა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად განათლების სამინისტროს შენობასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციისკენ გაემართნენ. მსვლელობისას ისინი მთავრობის მეთაურის საწინააღმდეგო შეძახილებს სკანდირებდნენ.
პროტესტის მონაწილეები სწავლის საფასურის შემცირებას, განათლების დაფინანსების გაზრდასა და კორუფციის აღმოფხვრასაც ითხოვენ.
ორგანიზატორების განცხადებით, საპროტესტო დემონსტრაციები კვირაში ორჯერ გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
შოტლანდია — პროტესტი ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების წინააღმდეგ შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში საპროტესტო აქცია ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების მშენებლობის წინააღმდეგ გაიმართა. დემონსტრანტები პლაკატებითა და სხვადასხვა კოსტიუმით სამეფო მილის ქუჩის დასაწყისში შეიკრიბნენ, საიდანაც შოტლანდიის პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების მშენებლობამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს გარემოსა და ადგილობრივ მოსახლეობაზე. დემონსტრანტები შესაბამისი პროექტების გარემოსდაცვითი შედეგების გათვალისწინებას მოითხოვენ.