რას შეცვლის ალკოჰოლიანი სასმელების კონტროლის ფუნქციების ერთ უწყებაში თავმოყრა და რამდენად დაეხმარება სავალდებულო ნიშანდება ფალსიფიკაციასთან ბრძოლას? ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ვასილ მანაგაძე  გადაცემაში “მაესტროს ბიზნეს თაიმი” საუბრობს მწარმოებლების დამატებით ხარჯებზე, რეგულაციების ეფექტიანობაზე, რთველის სუბსიდირებასა და საპილოტე პროექტის საჭიროებაზე.

–  დაგეგმილი ცვლილებებით, ადგილობრივ ბაზარზე ალკოჰოლიანი სასმელების მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი სურსათის ეროვნული სააგენტოდან ღვინის ეროვნულ სააგენტოში გადადის. რამდენად ლოგიკურია ამ ფუნქციების ერთ უწყებაში თავმოყრა და რა შეიცვლება პრაქტიკაში?

– ჩემთვის ეს ცვლილებები, პირველ რიგში, იმის აღიარებაა, რომ ქვეყანაში ფალსიფიცირებული პროდუქციის წარმოების პრობლემა არსებობს. ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები სწორედ ამაზე მიუთითებს.

თუმცა ხარისხის კონტროლი ღვინის ეროვნული სააგენტოს მოვალეობა აქამდეც იყო. ჩემი შეფასებით, ამ ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებდნენ, ახლა კი იმავე ორგანიზაციას დამატებითი უფლებამოსილებები ენიჭება.

ამიტომ სკეპტიკურად ვუყურებ, რამდენად შეძლებს სააგენტო ახალი მოვალეობების შესრულებას. თუ პრობლემის მოგვარების პოლიტიკური ნება არ არსებობს, მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები შედეგს ვერ მოიტანს.

– რა რისკებს ხედავთ სააგენტოს უფლებამოსილების გაფართოებაში?

– ახალი წესები, დამატებითი დოკუმენტები, შემოწმებები და გადასახდელები ბიზნესისთვის ბიუროკრატიულ ტვირთს ზრდის. ამასთან, ჩემი აზრით, იზრდება კორუფციული გარიგებებისა და ცალკეული კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭების რისკიც.

მიმაჩნია, რომ სააგენტოს საქმიანობაზე მსხვილი კომპანიების გავლენა პრობლემაა. ასეთ პირობებში ყველა მაკონტროლებელი ფუნქციის ერთ უწყებაში თავმოყრა თავისთავად არ ნიშნავს, რომ კონტროლი უკეთესი გახდება.

მთავარია, გადაწყვეტილებები დარგის ინტერესებს ემსახურებოდეს და ყველა მწარმოებლისთვის თანაბარი პირობები არსებობდეს.

– სავალდებულო ნიშანდების მიზნად კონტროლის გაუმჯობესება სახელდება. რატომ არ მიიჩნევთ მას ეფექტიან გამოსავლად?

– ჩემთვის დღემდე არ არის დამაჯერებლად ახსნილი, კონკრეტულად რა შედეგს მოიტანს ნიშანდება: როგორ გააუმჯობესებს ხარისხს, როგორ შეამცირებს ფალსიფიკაციას ან რა სარგებელს მისცემს მწარმოებელს.

საუბარია თითო ბოთლზე სავარაუდოდ ათთეთრიან გადასახდელზე, თუმცა რეალური ხარჯი მხოლოდ ეს არ იქნება. ემატება ნიშნების მიღება, ტრანსპორტირება, ბოთლზე დატანა, თანამშრომლების შრომა და, საჭიროების შემთხვევაში, საწარმოო ხაზის ტექნიკური ცვლილებებიც.

ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა საჯაროდ თქვა, რომ მისთვის წლიური ხარჯი დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი იქნება. მწარმოებელს უნდა ესმოდეს, რას იხდის და რა შედეგს მიიღებს ამ თანხის სანაცვლოდ.

– თქვენ ნიშანდებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ პრობლემებზეც საუბრობთ. რას გულისხმობთ?

მაგალითად, ერთი მწარმოებლის პროდუქცია ბაზარზე შესაძლოა სხვადასხვა დროს მოხვდეს. თაროზე გვერდიგვერდ შეიძლება აღმოჩნდეს ნიშანდებამდე წარმოებული ან გაგზავნილი ბოთლი და ახალი წესით ნიშანდებული პროდუქცია.

თუ მომხმარებელს სათანადო განმარტება არ ექნება, შესაძლოა გაუჩნდეს მცდარი წარმოდგენა, რომ უნიშნო პროდუქცია აუცილებლად პრობლემურია.

კითხვებს აჩენს მცირე მწარმოებლებისთვის განსხვავებული პირობებიც. თუ მიზანი ხარისხის კონტროლია, უნდა განიმარტოს, როგორ იმუშავებს სისტემა ყველასთვის და რას ნიშნავს გამონაკლისები.

ამიტომ მნიშვნელოვანია როგორც გარდამავალი პერიოდის სწორად დაგეგმვა, ისე მწარმოებლებისა და მომხმარებლების ინფორმირება.

– რამდენად ახალ ინფორმაციას მიიღებს მომხმარებელი ნიშანდებით?

იმ განმარტებითი ბარათის მიხედვით, რომელსაც გავეცანი, საუბარია პროდუქტის დასახელებასა და კატეგორიაზე, მწარმოებელზე, შესაბამისობის სერტიფიკატის ნომერსა და გაცემის თარიღზე, ლოტის ნომერსა და ნიშნის სტატუსზე.

ჩემი შეკითხვაა: ამ ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ხომ არის ეტიკეტზე ან კონტრეტიკეტზე? რა დამატებით შესაძლებლობას ქმნის სისტემა და როგორ უკავშირდება ეს ფალსიფიკაციის გამოვლენას?

სწორედ ამაზე გვჭირდება მკაფიო პასუხი, რომ ბიზნესისთვის დაწესებული დამატებითი ხარჯი დასაბუთებული იყოს.

– ნიშანდების გადასახდელს აქციზსაც ადარებთ. რატომ?

ამ შედარებას ვაკეთებ იმიტომ, რომ მწარმოებელს არჩევანი არ რჩება. ნიშანდება სავალდებულოა და შესაბამისი თანხაც აუცილებლად უნდა გადაიხადოს.

ამასთან, ხარჯი მხოლოდ ნიშნის ფასით არ შემოიფარგლება. დიდ საწარმოს შესაძლოა დანადგარში დამატებითი ინვესტიცია დასჭირდეს, მცირე მწარმოებელს კი, დამატებითი თანამშრომელი ან დრო.

ამიტომ, რა სახელიც უნდა ერქვას გადასახდელს, ბიზნესისთვის ეს დამატებითი ფინანსური ვალდებულებაა, რომელიც პროდუქციის თვითღირებულებას ზრდის.

– როგორ აფასებთ თავად ბიზნესის რეაქციას? რამდენად ღიად საუბრობენ კომპანიები ამ პრობლემებზე?

საჯარო გამოხმაურება, ჩემი აზრით, არასაკმარისია. მესმის, რომ კომპანიებისთვის ღიად საუბარი ყოველთვის მარტივი არ არის, მაგრამ საკითხი მათ მნიშვნელოვან ფინანსურ და საორგანიზაციო ხარჯებს ეხება.

მწარმოებლებთან პირადი კონტაქტი მაქვს და უკმაყოფილება ბევრად მეტია, ვიდრე საჯაროდ ჩანს. ზოგი ამბობს, რომ თანხის გადახდაც ურჩევნია, ოღონდ ნიშანდებასთან დაკავშირებული დამატებითი პროცედურები არ დაეკისროს. ეს კარგად აჩვენებს, რომ პრობლემა მხოლოდ გადასახდელის ოდენობა არ არის.

– როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ნიშანდებიდან მიღებული თანხების გამჭვირვალე განკარგვა?

– ჩემი მთავარი კითხვა სწორედ ის არის, როგორ გაკონტროლდება ამ თანხების გამოყენება და როგორ გამოჩნდება, რა შედეგს მოხმარდა ბიზნესისგან მიღებული შემოსავალი.

სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ არსებული პირობებით ეს სათანადოდ გამჭვირვალე იქნება. მხოლოდ განცხადება, რომ თანხა გაკონტროლდება, ჩემთვის საკმარისი არ არის.

მწარმოებელს უნდა შეეძლოს დაინახოს კავშირი მის მიერ გადახდილ თანხასა და კონკრეტულ შედეგს შორის.

– რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს დამატებით რეგულაციებს ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობაზე?

– პირველ რიგში, გაიზრდება თვითღირებულება. ნიშნის საფასურს დაემატება ადმინისტრირება, შრომა, ტექნიკური სამუშაოები და სხვა ხარჯები.

როდესაც პროდუქცია საბოლოო ბაზრამდე მიდის, ეს ყველაფერი მის ფასზე აისახება. ამიტომ მხოლოდ ერთი ბოთლის ნიშნის ღირებულების განხილვა სრულ სურათს ვერ გვაძლევს.

ჩემი სააგენტოში მუშაობის პერიოდში მომსახურებების უმეტესობა უფასო იყო. ფასიანი იყო დაჩქარებული მომსახურება, თუმცა მწარმოებელს ჩვეულებრივ ვადაში დოკუმენტის უფასოდ მიღების შესაძლებლობაც ჰქონდა.

ახლა კომპანიებს სხვადასხვა მომსახურებისთვის გადახდა უწევთ. ამ ხარჯებსა და დოკუმენტბრუნვას ახალი ვალდებულებებიც ემატება. კონკურენტუნარიანობაზე დადებით გავლენას ამ ცვლილებებში ვერ ვხედავ.

– ექსპორტის მაჩვენებლებსა და რთველის სუბსიდირებას შორის შეუსაბამობაზეც საუბრობთ. რას გულისხმობთ?

– ჩემი შეკითხვა ასეთია: თუ ექსპორტზე ამდენი ყურძნისეული წარმოშობის პროდუქცია გადის, რატომ რჩება ყოველწლიურად ისეთი მოცულობის ყურძენი, რომლის შესყიდვასა და დაბინავებაში სახელმწიფოს ჩართვა სჭირდება?

მიმაჩნია, რომ ეს საკითხები ერთობლივად უნდა შეფასდეს ექსპორტი, წარმოებისთვის გამოყენებული ნედლეული და სახელმწიფოს მიერ შესყიდული ყურძენი.

ამ კონტექსტში წლებია ვსაუბრობ იმპორტირებული ბადაგის, ანუ ბექმეზის, გამოყენებისა და კონტროლის პრობლემაზეც. ჩემი შეფასებით, ასეთი ნედლეულის გამოყენება უკავშირდება როგორც იაფი პროდუქციის წარმოებას, ისე ადგილობრივ ყურძენზე მოთხოვნის პრობლემას.

ამიტომ მნიშვნელოვანია, კონტროლი რეალურად ეხებოდეს პროდუქციის წარმოშობასა და შემადგენლობას და მხოლოდ დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნით არ შემოიფარგლებოდეს.

– სუბსიდირების წინააღმდეგი ხართ თუ იმ ფორმის, რომლითაც ის ხორციელდება?

– ჩემი კრიტიკა ეხება იმას, როგორ იხარჯება გადასახადის გადამხდელთა ფული და ვინ იღებს სარგებელს.

მიმაჩნია, რომ არსებული მოდელით სარგებლის მნიშვნელოვანი ნაწილი ცალკეულ მსხვილ კომპანიებთან მიდის. სწორედ ასეთი ხარჯვის წინააღმდეგი ვარ.

ექსპორტის ზრდის პარალელურად სახელმწიფოს ჩარევის მასშტაბიც უნდა შეფასდეს. მხოლოდ ექსპორტის მაჩვენებლით დარგის მდგომარეობაზე სრულ წარმოდგენას ვერ შევიქმნით.

– რა იქნებოდა უფრო შედეგიანი მიდგომა ნიშანდების შემოღებამდე?

– ვთავაზობდი ერთწლიან საპილოტე პროექტს. მისი ხარჯი სახელმწიფოს არსებული რესურსების ფარგლებში დაეფარა და შემდეგ ერთობლივად შეგვეფასებინა შედეგები.

ერთი წლის თავზე უნდა გვენახა: გაუმჯობესდა თუ არა ხარისხი, გამოვლინდა თუ არა მეტი ფალსიფიკაცია, შეიცვალა თუ არა გაყიდვები და რა სარგებელი მიიღო დარგმა.

ამის შემდეგ კომპანიებს ეცოდინებოდათ, რისთვის იხდიან თანხას. ბიზნესისთვის სავალდებულო ხარჯის დაკისრებამდე სისტემის ეფექტიანობა პრაქტიკაში უნდა გამოჩნდეს.

ჩემი აზრით, სააგენტოს მთავარი ამოცანაა ხარისხის კონტროლი და მწარმოებლებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა. მხოლოდ რეგულაციების რაოდენობის ზრდა ამ მიზნების მიღწევას ვერ უზრუნველყოფს.

 

   ჟურნალისტი: ლევან ჭითანავა

                                                              რესპოდენტი: ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ვასილ მანაგაძე