საქართველოს სატრანზიტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების მოძრაობა გაიზარდა. 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყნის გზებით სარგებლობისთვის სატრანზიტო სატვირთო ავტომობილების მიერ გადახდილი მოსაკრებლიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 151.8 მილიონ ლარზე მეტი შევიდა.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.04%-ით, ანუ თითქმის 10 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

საქართველოში თითოეული სატრანზიტო სატვირთო ავტომობილისთვის გზებით სარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს.

შესაბამისად, მიღებული შემოსავლების საფუძველზე, 2026 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში საქართველოს სატრანზიტო დერეფნით დაახლოებით 433 740-მა სატვირთო ავტომობილმა ისარგებლა.

მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ტერიტორიაზე ყოველდღიურად საშუალოდ 1 427 სატრანზიტო ტრაილერი გადაადგილდებოდა.

შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი დღეში საშუალოდ 1 333 სატვირთო ავტომობილს შეადგენდა.

ამრიგად, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს სატრანზიტო დერეფანში ყოველდღიურად საშუალოდ 94-ით მეტი სატვირთო ავტომობილი გადაადგილდებოდა.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემები მიუთითებს როგორც სატრანზიტო სატვირთო ავტომობილების ნაკადის ზრდაზე, ისე გზებით სარგებლობის მოსაკრებლიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავლების მატებაზე.