აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, ჯარედ კუშნერის განცხადებით, უკრაინისთვის ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების განხილვისადმი ამერიკის პრეზიდენტის მზაობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.
ამის შესახებ კუშნერი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესაძლო მექანიზმებზე მუშაობა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მიმდინარე დიპლომატიური პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
მისი შეფასებით, რუსეთის მხრიდან მსგავსი გარანტიების განხილვის მზაობა შესაძლოა სამშვიდობო პროცესის მიმართ უფრო სერიოზული დამოკიდებულების მანიშნებელი იყოს.
„რუსეთის მზაობა, განიხილოს ასეთი გარანტიები, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და პოტენციური მანიშნებელია იმისა, რომ ის სერიოზულად უდგება მშვიდობას. მე-5 მუხლის მსგავსი სანდო გარანტია, რომელიც შეკავებისა და კონფლიქტის დეესკალაციის მექანიზმებითაა გამყარებული, მნიშვნელოვნად შეამცირებს კიდევ ერთი ომის რისკს“, – აცხადებს კუშნერი.
უსაფრთხოების გარანტიების პირობები
კუშნერის თქმით, ის იზიარებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციას, რომ ნებისმიერი უსაფრთხოების გარანტია უნდა იყოს კონკრეტული, სანდო და მკაფიოდ დოკუმენტირებული.
მისი განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე ის აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან ერთად მუშაობს.
კუშნერი განმარტავს, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების აღება შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვალდებულება შეიძლება გახდეს, რის გამოც გადაწყვეტილებას საფუძვლიანი განხილვა სჭირდება.
მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა უნდა მიიღოს, აშშ-ის კონსტიტუციური მოთხოვნებისა და კონგრესთან დაკავშირებული პროცედურების გათვალისწინებით.
„ის ასეთ ნაბიჯს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგამს, თუ ჩათვლის, რომ ეს აშკარად ემსახურება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს და უფრო ფართო უსაფრთხოების მექანიზმები ნაკლებად სავარაუდოს ხდის გარანტიის ოდესმე გამოყენებას“, – წერს კუშნერი.
მისი განმარტებით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საბოლოო დამტკიცება არ უნდა განიხილებოდეს ომისშემდგომი ევროპის უსაფრთხოების სისტემისგან დამოუკიდებლად.
ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა
კუშნერის განცხადებით, ევროპის მოქმედი უსაფრთხოების ინსტიტუტები და შეთანხმებები მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის, თუმცა საჭიროა მათი ეფექტიანობის შეფასება და არსებული მექანიზმების გაძლიერება.
მისი თქმით, აუცილებელია იმ მიზეზების გაანალიზებაც, რომლებმაც არსებულ უსაფრთხოების სისტემას უკრაინაში ომის თავიდან აცილების შესაძლებლობა არ მისცა.
კუშნერის მიერ დასახელებული შესაძლო მექანიზმები მოიცავს მუდმივ საკონსულტაციო არხებს, კრიზისული კომუნიკაციის სისტემებს, სამხედრო დაპირისპირების დეესკალაციის პროცედურებს, გამჭვირვალობის გაზრდასა და ესკალაციის შესამცირებელ საპასუხო ზომებს.
მისი განცხადებით, უსაფრთხოების ახალმა ჩარჩომ უნდა უზრუნველყოს როგორც უკრაინის დაცვა, ისე ევროპაში უფრო სტაბილური ურთიერთობების ჩამოყალიბება.
„მივისწრაფვით ისეთი მომავლისკენ, სადაც უკრაინა დაცულია, ევროპა – უფრო ძლიერი; სადაც რუსეთს აქვს რწმენა, რომ ნატო დაპირისპირებას არ ეძებს, ხოლო ნატო-სა და მის პარტნიორებს აქვთ რწმენა, რომ რუსეთი პატივს სცემს თავისი მეზობლების სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას“, – აცხადებს კუშნერი.
მისი თქმით, ამის მისაღწევად საჭიროა მკაფიო, სანდო და გადამოწმებადი ვალდებულებები, რომლებიც ყველა მონაწილე სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლებას შეინარჩუნებს.