აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მიწოდებას აყოვნებს. ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეთს, უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის 60 რაკეტის გადაცემა ამ დრომდე არ დაუმტკიცებია.
საუბარია აშშ-ში წარმოებულ PAC-3 და PAC-2 ტიპის რაკეტებზე, რომლებიც უკრაინის დასავლელმა მოკავშირეებმა შეიძინეს. რაკეტების ნაწილი ევროპული ქვეყნების სამხედრო მარაგებშია, თუმცა მესამე ქვეყნისთვის მათი გადაცემა ვაშინგტონის ოფიციალურ თანხმობას საჭიროებს.
Financial Times-ის წყაროების ცნობით, PAC-3-ის ტიპის რაკეტების უკრაინისთვის მიწოდება დეკემბრამდე უნდა განხორციელებულიყო, თუმცა შესაბამისი ნებართვა პენტაგონს ჯერ არ გაუცია.
ამასთან, უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში გაჭიანურებულია კიდევ ერთი პროცესი, რომელიც უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ნებართვის მინიჭებას უკავშირდება.
Patriot-ის სისტემები უკრაინის საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის მიმართულებით. მათი საბრძოლო მარაგების შევსების საკითხი აქტუალურია უკრაინის ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიმდინარე თავდასხმების ფონზე.
გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული, რა მიზეზით ჭიანურდება პენტაგონის თანხმობა ან როდის შეიძლება მიიღოს ვაშინგტონმა შესაბამისი გადაწყვეტილება.
წყარო: Financial Times