კოლუმბიის ქალაქ კარტახენაში მძევლების გათავისუფლების ოპერაცია გრძელდება. შეიარაღებულ პირებს სუპერმარკეტების ქსელ „Éxito-ს“ ერთ-ერთ ფილიალში სულ მცირე 20 ადამიანი ჰყავთ აყვანილი. თავდაპირველად მძევლად 30 ადამიანი აიყვანეს, რომელთაგან ათი უკვე გათავისუფლებულია.
Sky News-ის განახლებული ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორის ექვსი ხანდაზმული ქალი და ერთი ბავშვია. მძევლებს შორის არიან როგორც სუპერმარკეტის თანამშრომლები, ისე მომხმარებლები.
რა არის ცნობილი მომხდარის შესახებ?
ინციდენტი 24 ნოემბერს, კარტახენის ლა კასტელიანას რაიონში მოხდა. ხელისუფლების ინფორმაციით, მძევლების აყვანას საინკასაციო ავტომობილის ძარცვის წარუმატებელი მცდელობა უძღოდა წინ.
ადგილობრივი წყაროების ცნობით, სუპერმარკეტში ხუთი თავდამსხმელი იმყოფება, თუმცა მათი ვინაობა ოფიციალურად არ გასაჯაროებულა.
კოლუმბიის პრეზიდენტმა აბელარდო დე ლა ესპრიელიამ განაცხადა, რომ არსებული ინფორმაციით, ინციდენტი კრიმინალურ დანაშაულს უკავშირდება და არა ქვეყანაში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებების საქმიანობას.
ხელისუფლების რეაგირება
მძევლების გათავისუფლების ოპერაციაში ჩართული არიან პოლიციის სპეციალური დანაყოფები, შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლები.
კოლუმბიის პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრ ხორხე მორასა და უსაფრთხოების უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად კარტახენაში გაემგზავრა.
პრეზიდენტმა საზოგადოებას მძევლების გათავისუფლების პირობა მისცა.
ეროვნული პოლიციის განცხადებით, შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ, ხოლო მათი მთავარი ამოცანა მოქალაქეების სიცოცხლის დაცვა და მძევლების უსაფრთხოდ გათავისუფლებაა.
კარტახენის მერმა დუმეკ ტურბაი პასმა მოსახლეობას სიმშვიდისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.
სუპერმარკეტების ქსელის განცხადება
მომხდარს კომპანია Grupo Éxito გამოეხმაურა. კომპანიის განცხადებით, ადამიანების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვა მისი მთავარი პრიორიტეტია.
კომპანია შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობს და ოპერაციასთან დაკავშირებული ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას სამართალდამცველებს ანდობს.
ინციდენტის გამო კარტახენის რაფაელ ნუნიესის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავების მიღებაც დროებით შეჩერდა. საჰაერო მიმოსვლა დაახლოებით 45 წუთის შემდეგ აღდგა.
კოლუმბიაში უსაფრთხოების მდგომარეობა
კარტახენაში მძევლების აყვანის შემთხვევა კოლუმბიაში უსაფრთხოების კუთხით არსებული რთული ვითარების ფონზე მოხდა.
23 ნოემბერს ქალაქ ვილიავისენსიოში, რეგიონული ადმინისტრაციის შენობასთან, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად 22-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და დაახლოებით 500 საცხოვრებელი და კომერციული ობიექტი დაზიანდა.
ხელისუფლებამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა კოლუმბიის ყოფილი რევოლუციური შეიარაღებული ძალების — FARC-ის დისიდენტურ დაჯგუფებას დააკისრა, თუმცა პროკურატურა გამოძიებას აგრძელებს.
ორ ინციდენტს შორის კავშირი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.
მოვლენები კოლუმბიის მთავრობასა და FARC-ს შორის 2016 წელს გაფორმებული ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების მეათე წლისთავის პერიოდს ემთხვევა. შეთანხმების მიუხედავად, ქვეყანაში კვლავ მოქმედებენ სხვადასხვა შეიარაღებული და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები.
რა ვითარებაა ამ დროისთვის?
25 ნოემბრის დილისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ათი მძევალი გათავისუფლებულია, დანარჩენი მოქალაქეების გათავისუფლების ოპერაცია კი გრძელდება.
მძევლების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ასევე არ დადასტურებულა ოპერაციის დასრულება ან თავდამსხმელების დაკავება.