„ნახევარ ფასად“, „მარაგში მხოლოდ ორი დარჩა“, „შეთავაზება მალე დასრულდება“ – შავი პარასკევის პერიოდში მომხმარებლები განსაკუთრებით ინტენსიური სარეკლამო კამპანიების სამიზნე ხდებიან. ბრენდები გვარწმუნებენ, რომ კონკრეტული პროდუქტის შეძენა ჩვენს ცხოვრებას უფრო კომფორტულს, საინტერესოსა და ბედნიერს გახდის. თუმცა რამდენად ხშირად ეფუძნება ჩვენი გადაწყვეტილებები რეალურ საჭიროებებს და რამდენად ხშირად – მარკეტინგულ ზემოქმედებას?

როგორც გამოცემა The Guardian წერს, თანამედროვე სამომხმარებლო კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ე.წ. „მოხმარების ხმაურია“ (Consumption Noise) – მუდმივი საინფორმაციო და სარეკლამო ზემოქმედება, რომელიც ადამიანებში ნივთების შეძენის სურვილს რეალური საჭიროების გარეშეც წარმოშობს.

რა არის „მოხმარების ხმაური“?

ფინანსური განათლების პლატფორმა Vestpod-ის დამფუძნებლის, ემილი ბელეს განმარტებით, მომხმარებლები სარეკლამო შეტყობინებებს თითქმის ყველგან აწყდებიან – ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სოციალურ ქსელებსა და ელექტრონულ ფოსტაში.

ბრენდთან ერთჯერადი ურთიერთობაც კი ხშირად საკმარისია იმისთვის, რომ მომხმარებელმა რეგულარულად მიიღოს პერსონალიზებული შეთავაზებები, ფასდაკლებებისა და ახალი პროდუქტების შესახებ შეტყობინებები.

ასეთი გარემო მუდმივად ასტიმულირებს მოხმარების სურვილს და ართულებს გააზრებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას.

ზოგჯერ სასიამოვნო ემოციას თავად პროდუქტის კალათაში დამატებაც კი წარმოშობს. თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ მომხმარებელი შესაძლოა მიხვდეს, რომ ნივთის შეძენის სურვილი დროებითი იყო.

შავი პარასკევი და შესაძლებლობის ხელიდან გაშვების შიში

შავი პარასკევის მარკეტინგული სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ხელოვნურად შექმნილი გადაუდებლობის განცდაა.

დროში შეზღუდული ფასდაკლებები, უკუთვლის ტაიმერები, მარაგის ამოწურვის შესახებ გაფრთხილებები და ინფორმაცია სხვა დაინტერესებული მომხმარებლების რაოდენობაზე ადამიანს სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს.

მომხმარებელთა ქცევის მკვლევრისა და წიგნის Influenced: The Science of Why We Buy ავტორის, აარონ ატკინსონ-ტოალის განმარტებით, ასეთ ვითარებაში ნივთის არშეძენა შესაძლოა აღიქმებოდეს არა როგორც თანხის დაზოგვა, არამედ როგორც შესაძლებლობის დაკარგვა.

ადამიანი არჩევანის წინაშე დგება – ხელიდან გაუშვას ხელსაყრელი შეთავაზება თუ შეიძინოს ნივთი, რომელიც მოგვიანებით შესაძლოა უსარგებლო აღმოჩნდეს.

სწორედ ამ ფსიქოლოგიურ მექანიზმს იყენებენ მარკეტერები იმპულსური შესყიდვების წასახალისებლად.

როდესაც საყიდლები ემოციების მართვის საშუალება ხდება

იმპულსური შესყიდვები ხშირად დაკავშირებულია სტრესთან, გადაღლასთან, მოწყენილობასა და ემოციურ დისკომფორტთან.

ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ე.წ. „მცირე სიამოვნებების კულტურა“ (Little Treat Culture), რომლის ფარგლებშიც მომხმარებლები საკუთარ თავს ყოველდღიური სირთულეების საპასუხოდ მცირე შენაძენებით აჯილდოებენ.

ეს შეიძლება იყოს ძვირად ღირებული ყავა, დესერტი, კოსმეტიკური პროდუქტი, აქსესუარი ან სხვა ნივთი, რომლის შეძენაც დროებით დადებით ემოციებს იწვევს.

თითოეული შენაძენი შესაძლოა ფინანსურად უმნიშვნელოდ გამოიყურებოდეს, თუმცა მათი ერთობლიობა საბოლოოდ მნიშვნელოვან ხარჯად იქცეს.

ამ შემთხვევაში საყიდლები არა კონკრეტული საჭიროების დაკმაყოფილების, არამედ ემოციური მდგომარეობის რეგულირების საშუალება ხდება.

როგორ ყიდიან ბრენდები ცხოვრების იდეალიზებულ ვერსიას?

კარდიფის უნივერსიტეტის მარკეტინგისა და სტრატეგიის მკვლევარი ოლაია მოლდეს ანდრესი გამოყოფს ხუთ ძირითად ფსიქოლოგიურ მექანიზმს, რომლებსაც ბრენდები მომხმარებლებზე ზემოქმედებისთვის იყენებენ:

  • სოციალური სტატუსი – წარმოდგენა, რომ კონკრეტული პროდუქტი საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის შექმნაში დაგვეხმარება.

  • კომფორტი – დაპირება, რომ ნივთი ყოველდღიურ ცხოვრებას გაგვიმარტივებს.

  • მიკუთვნებულობის განცდა – კონკრეტულ სოციალურ ჯგუფთან ან ცხოვრების სტილთან იდენტიფიცირება.

  • შესაძლებლობების გაფართოება – რწმენა, რომ პროდუქტი უფრო ეფექტიანს, პროდუქტიულს ან წარმატებულს გაგვხდის.

  • რეალობისგან გაქცევა – ახალი ემოციების, გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების მიღების დაპირება.

მკვლევრის შეფასებით, თანამედროვე ბრენდები მომხმარებლებს ხშირად არა უბრალოდ პროდუქტებს, არამედ იმ ცხოვრების შესახებ წარმოდგენებს სთავაზობენ, რომლისკენაც ისინი ისწრაფვიან.

სოციალური ქსელების გავლენა სამომხმარებლო ქცევაზე

სოციალური ქსელები იმპულსური შესყიდვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია.

პერსონალიზებული რეკლამები, ინფლუენსერების რეკომენდაციები, მომხმარებელთა შერჩევითად წარმოდგენილი დადებითი შეფასებები და პოპულარული პროდუქტების დემონსტრირება ქმნის გარემოს, რომელშიც შესყიდვის გადაწყვეტილება ხშირად ემოციურ და სოციალურ ფაქტორებს ეფუძნება.

ამასთან, ისეთი სიტყვები, როგორებიცაა „ექსკლუზიური“, „ხელნაკეთი“ ან „ლიმიტირებული კოლექცია“, შესაძლოა პროდუქტის აღქმულ ღირებულებას ზრდიდეს და მომხმარებელს მეტი თანხის გადახდისკენ უბიძგებდეს.

როგორ დავიცვათ თავი არასაჭირო შესყიდვებისგან?

სპეციალისტები მომხმარებლებს ურჩევენ, შესყიდვამდე საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა დაუსვან:

შესყიდვამდე დასასმელი კითხვები

იმპულსური ხარჯვის შესამცირებლად ასევე ეფექტიანი შეიძლება იყოს სარეკლამო გამოწერების გაუქმება, სოციალური ქსელების გამოყენების შეზღუდვა, წინასწარ განსაზღვრული ბიუჯეტისა და საყიდლების სიის შედგენა.

საბოლოოდ, გააზრებული მოხმარება საყიდლებზე უარის თქმას არ გულისხმობს. მისი მთავარი მიზანია, ფინანსური გადაწყვეტილებები ადამიანის რეალურ საჭიროებებსა და პრიორიტეტებს ეფუძნებოდეს და არა ხელოვნურად შექმნილ გადაუდებლობასა თუ ემოციურ ზეწოლას.