რუსეთი კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას გეგმავს. ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, გიორგი ზურაბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ზურაბაშვილის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან შეხვედრაზე მას 9 ოქტომბერს დასანქცირებული შვიდი ქართული კომპანიისთვის შეზღუდვების მოხსნის მოლოდინი ჰქონდა, თუმცა, ამის ნაცვლად, კიდევ ორი კომპანიის შესაძლო დასანქცირების შესახებ შეიტყო.
დიპლომატის განცხადებით, რუსულმა მხარემ ვერ წარმოადგინა ბრალდებების დამადასტურებელი ვერცერთი ფაქტი, ვერც ღვინის ხარისხთან, ვერც უკრაინაში ომის დაფინანსებასთან და ვერც ანტირუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით.
ზურაბაშვილის შეფასებით, ქართული ღვინის კომპანიების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა და პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.