შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ირაკლი ფირცხალავამ, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის იხდიდა სასჯელს, საპატიმრო დატოვა.

როგორც  “ინტერპრესნიუსთან ” ფირცხალავას მეუღლემ, ნინო ხვიტიამ განაცხადა, ის პენიტენციური დაწესებულებიდან 13 ნოემბერს, სასჯელის მოხდის შემდეგ გათავისუფლდა.

ხვიტიას განცხადებით, ფირცხალავას ამ ეტაპზე მკურნალობა, რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია სჭირდება. მისივე შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა სასჯელი უსამართლოდ მოიხადა.

შეგახსენებთ, 2015 წლის ოქტომბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ ცნო 2006 წლის 2 მაისს ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში.

ფირცხალავას თავდაპირველად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა “ამნისტიის შესახებ” კანონის საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ 12 წლით პატიმრობა შეეფარდა.