ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციებისა და სავიზო აკრძალვების დაწესებას მოითხოვს.

დოკუმენტს, სახელწოდებით “პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები “ქართული ოცნების” რეჟიმის პირობებში”, მხარი 441-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი 47 იყო, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.

მიზნობრივი სანქციები და ევროკავშირის კოორდინირებული რეაგირება

ევროპარლამენტი ევროკავშირს საქართველოს საკითხზე კოორდინირებული რეაგირების შენარჩუნებისკენ მოუწოდებს და კიდევ ერთხელ მოითხოვს მიზნობრივი სანქციებისა და სავიზო აკრძალვების დაწესებას იმ პირების წინააღმდეგ, რომლებსაც ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებლობას აკისრებს.

სანქციების მოთხოვნა პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა მოსამართლეებს, პროკურორებსა და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებსაც ეხება.

ევროპარლამენტი ასევე სინანულს გამოთქვამს ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს უმოქმედობის გამო, რომლებმაც, დოკუმენტის თანახმად, საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე პასუხისმგებელ პირებს პასუხისმგებლობა ვერ დააკისრეს.

პატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლების მოთხოვნა

ევროპარლამენტი მკაცრად გმობს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის მიმართ გამოტანილ განაჩენებს და მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს.

აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება ყველა პირზე, რომლებსაც ევროპარლამენტი პოლიტიკურ პატიმრებად ან უკანონოდ დაკავებულებად მიიჩნევს, მათი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად.

რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტი ასევე მოითხოვს პაატა ბურჭულაძის სათანადო სამედიცინო და იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფას, ოჯახთან რეგულარულ კონტაქტსა და შეუფერხებელ საკონსულო წვდომას.

ადამიანის უფლებები და გამოხატვის თავისუფლება

ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს ხელოვანების, ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ, მისი შეფასებით, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა და სასამართლო შევიწროება.

დოკუმენტში ხაზგასმულია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უზრუნველყოფის აუცილებლობა.

ამასთან, ევროპარლამენტარები დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტების, დაშინებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებების დამოუკიდებელ გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ.

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა

მიღებული რეზოლუციით ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხისა და მისი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესის აუცილებელი წინაპირობაა.

ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღება მიზნობრივი სანქციების ავტომატურ ამოქმედებას არ ნიშნავს.