თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უფასო სასადილოებში ერთი ბენეფიციარის კვებისთვის გამოყოფილი დღიური თანხა 1.70 ლარიდან 3 ლარამდე, ანუ 76.5%-ით გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, სურსათის ფასების ზრდის მიუხედავად, აღნიშნული თანხა უცვლელი რჩებოდა.

2027 წელს უფასო სასადილოების პროგრამის დაფინანსებისთვის დაახლოებით 43 მილიონი ლარია გათვალისწინებული, მაშინ, როდესაც 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით ამავე მიზნისთვის 26.3 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. შესაბამისად, პროგრამის დაგეგმილი დაფინანსება 16.7 მილიონი ლარით, ანუ 63.5%-ით იზრდება.

დაფინანსების ზრდის პარალელურად, ბენეფიციართა დაგეგმილი რაოდენობა მცირდება

2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, უფასო სასადილოებით 42 339 მოქალაქეს უნდა ესარგებლა, 2027 წლის პროექტით კი მათი რაოდენობა 39 239-მდე მცირდება.

შესაბამისად, პროგრამით მოსარგებლეთა დაგეგმილი რაოდენობა 3 100 მოქალაქით, ანუ 7.3%-ით შემცირდება.

ბენეფიციართა რაოდენობის შემცირება თბილისის ათიდან ცხრა რაიონშია გათვალისწინებული. ყველაზე მნიშვნელოვანი კლება შემდეგ რაიონებში იგეგმება:

  • ისანი – 653 მოქალაქით;
  • დიდუბე – 600 მოქალაქით;
  • ნაძალადევი ~- 437 მოქალაქით.

სამგორი ერთადერთი რაიონია, სადაც ბენეფიციართა დაგეგმილი რაოდენობა უცვლელი რჩება.

უფასო სასადილოებში კვებისთვის გამოყოფილი თანხის სიმცირესა და სრულფასოვანი კვების უზრუნველყოფის პრობლემაზე წლების განმავლობაში ყურადღებას სახალხო დამცველიც ამახვილებდა.

მიმდინარე წლის ოქტომბერში თბილისის მერიაში BM.GE-ს განუცხადეს, რომ უფასო სასადილოების მომსახურების შესყიდვის სატენდერო პირობების მომზადება მიმდინარეობდა.

ამ ეტაპზე უცნობია, როგორ აისახება დაფინანსების ზრდა კვების ხარისხზე, მენიუს მრავალფეროვნებასა და ულუფების მოცულობაზე.

ამასთან, თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში ბენეფიციართა დაგეგმილი რაოდენობის შემცირების მიზეზები განმარტებული არ არის.

წყარო: თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი / BM.GE.