საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყებიდან ორი წლისთავთან დაკავშირებით, 28 ნოემბერს, თბილისში საპროტესტო მსვლელობები და აქცია გაიმართა. თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულთა ოჯახის წევრებმა.

ოპოზიციის წარმომადგენელთა გამოსვლების ძირითადი თემები საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობა, საპროტესტო მოძრაობის გაგრძელება და პოლიტიკური ცვლილებების აუცილებლობა იყო.

პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შესახებ ხელისუფლების პოზიცია განმარტა.

ნიკა გვარამია – საპროტესტო მოძრაობის გაფართოება და ევროპული მომავალი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას საპროტესტო მოძრაობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, პოლიტიკური ცვლილებების მიღწევის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა საზოგადოებრივი მობილიზაციის გაფართოებაა.

გვარამიამ ასევე მიმართა საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ პირებს და მათ მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ამ ხალხს შეხედოს ყველამ და დაიმახსოვროს, ჩვენ ვერ აგვიკრძალავენ სამშობლოსათვის ბრძოლას, ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი წინაპრების ანდერძის შესრულებისთვის ბრძოლას, ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი შვილების მომავლისთვის ბრძოლას, ვერ აგვიკრძალავენ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. საქართველო ევროპაა!“ – განაცხადა გვარამიამ.

გიგი წერეთელი – პოლიტიკური ცვლილებების აუცილებლობა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა გასული ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესები შეაფასა. მან ისაუბრა დაკავებულთა მდგომარეობაზე, სოციალურ პრობლემებზე, კორუფციასთან დაკავშირებულ საკითხებსა და საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე.

წერეთლის შეფასებით, საზოგადოებრივი პროტესტი პოლიტიკური ცვლილებების ეტაპზე უნდა გადავიდეს.

„ამიტომ, ახლა მხილების დრო კი არ არის, ცვლილების დროა. ამიტომ, ჩვენ ყველა და თქვენ პირველ რიგში, ვისაც სულისკვეთება გაქვთ, არ დაუშვებთ არასდროს იმას, რომ საქართველომ მისი საუკეთესო მომავალი დაკარგოს, ამიტომ გვინდა ჩვენ ევროპა, გვინდა დემოკრატია, როგორიც არის ევროპაში და საქართველო არის ევროპა, საქართველო გაიმარჯვებს“, – განაცხადა წერეთელმა.

ლევან ცუცქირიძე – ორგანიზებული პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა

პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ ხელისუფლების სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკაზე, სამართალდამცავი სისტემის მდგომარეობასა და საზოგადოებრივ პოლარიზაციაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრისთვის საზოგადოებრივი პროტესტის პარალელურად ორგანიზებული პოლიტიკური საქმიანობის გაძლიერებაა საჭირო.

„ეს პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ის გამოხატავს ჩვენს შეურიგებლობას, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პროტესტი არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ადამიანი ორგანიზებულ, სტრატეგიულ, პოლიტიკურ ბრძოლაში“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, „თავისუფლების მოედანი“ ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებთან შეხვედრებსა და პოლიტიკური პროცესის ორგანიზებაზე მუშაობას განაგრძობს.

გიგა ლემონჯავა – საზოგადოებრივი სოლიდარობა და პროტესტის უწყვეტობა

პარტია „დროას“ ლიდერმა გიგა ლემონჯავამ სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება საზოგადოებრივი სოლიდარობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

მან ისაუბრა სტუდენტების, საჯარო მოხელეების, სამოქალაქო ორგანიზაციების, პედაგოგებისა და საპატიმრო დაწესებულებებიდან გათავისუფლებული საპროტესტო მოძრაობის მონაწილეთა ჩართულობაზე.

ლემონჯავამ ხელისუფლება ადამიანის უფლებების დარღვევაში, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე მოქალაქეების დევნასა და კორუფციაში დაადანაშაულა.

„დღეს აქ დგანან პოლიტიკური პატიმრები, რომელთაც წლები წაართვეს. მათ ციხეები დატოვეს და დღეს აქ ჩვენთან ერთად დგანან და ჩვენთან ერთად აგრძელებენ ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ლემონჯავამ.

თამარ ჩერგოლეიშვილი – სახელმწიფოს პოლიტიკური და ინსტიტუციური მოწყობა

„ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამომავლო პოლიტიკური მოწყობის, კანონის უზენაესობისა და სოციალური სამართლიანობის საკითხებზე.

მისი განცხადებით, ოპოზიციის ამოცანა ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად ისეთი სახელმწიფოებრივი სისტემის ჩამოყალიბებაც უნდა იყოს, რომელიც მოქალაქეთა უფლებებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებს უზრუნველყოფს.

„ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე არის საქართველო, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე, სადაც გაჭირვებული არ მათხოვრობს, სადაც დამნაშავე დასჯილია და კანონმორჩილი უსაფრთხოდაა, სადაც ძლიერი სუსტს ვერ ჩაგრავს“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ევროპული გამოხმაურება – რასა იუკნევიჩიენეს განცხადება

თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელ X-ზე აქციის ამსახველი ვიდეო გაავრცელა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერ მოქალაქეებს მიმართა.

„ძვირფასო ქართველებო, თქვენ საოცრებები ხართ, თქვენი ბრძოლა ევროპული საქართველოსთვის ჩვენც გვაძლევს შთაგონებას!“ – წერს ევროპარლამენტარი.

იუკნევიჩიენემ საპროტესტო მოძრაობის დაწყებიდან ორი წლისთავთან დაკავშირებით მანამდეც გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა და აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ხელისუფლების პოზიცია – ირაკლი კობახიძის შეფასებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძვლებზე, ევროკავშირთან ურთიერთობებსა და გასული ორი წლის განმავლობაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხელისუფლებას არც ევროკავშირთან და არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შეწყვეტის სურვილი არ აქვს.

„რაც შეეხება ევროკავშირს, აქაც, ხვალ თუ გადაწყვეტენ მოლაპარაკებების გახსნას, ხვალვე მოვაწერთ ხელს, თუმცა მათი მხრიდან შეწყდა პოლიტიკური დიალოგი და ისინი არ გვიხსნიან მოლაპარაკებებს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის კონკრეტული გზამკვლევის საფუძველზე ურთიერთობების აღსადგენად, თუმცა ამერიკული მხარისგან პასუხი ჯერ არ მიუღია.

2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება – პრემიერ-მინისტრის შეფასება

კობახიძის განცხადებით, საპროტესტო გამოსვლები არა 2024 წლის 28 ნოემბერს, არამედ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, ხოლო ნოემბრის ბოლოს განვითარებული მოვლენები მანამდე მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გაგრძელება იყო.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენებოდა, რის გამოც ხელისუფლებამ მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგში დაყენებაზე 2028 წლამდე უარი განაცხადა.

„ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი მხრიდან არ დავაყენებდით დღის წესრიგში მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, 2028 წლამდე ისიც. ჩვენს განცხადებაში დავაკონკრეტეთ, რომ ჩვენი მიზანი იყო 2030 წლისთვის ქვეყნის გაწევრიანება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული კურსიდან გადახვევას არ გულისხმობდა.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ გასული ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შედარებით დასტაბილურდა, რასაც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს უკავშირებს.

„ქვეყნის დამშვიდება იყო ჩვენი ამოცანა, შანტაჟის შესაძლებლობის არმიცემა იყო ჩვენი ამოცანა და ორწლიანმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ჩვენმა ნაბიჯმა გაამართლა და ჩვენ მივიღეთ ეს შედეგი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ორი წლის შემდეგ – განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები

2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან ორი წლის შემდეგ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ ძირითად თემად რჩება.

ოპოზიცია ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეფერხებად აფასებს და პოლიტიკური ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს. საპროტესტო მოძრაობის ძირითადი მოთხოვნები კვლავ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და დაკავებულთა გათავისუფლებაა.

ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს სტრატეგიულ მიზნად რჩება და 2024 წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური ზეწოლის თავიდან აცილებასა და ქვეყნის შიდა სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურებოდა.

28 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე გამართული საპროტესტო აქცია, რომლის მთავარი ლოზუნგი იყო „საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“, საქართველოს ეროვნული ჰიმნით დასრულდა.

თსუ-დან დაძრული მარში