ნორვეგიის მიერ რუსული გემის დაკავებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა, გამოეხმაურა და მომხდარს „ნამდვილი მეკობრეობა“ უწოდა.
„უკეთესი სიტყვა იქნებოდა მოიტაცა და არა დააკავა. ახლა ჩვენ საერთო სურათს ვხედავთ იმისა, თუ რაც ხდება. დასავლეთმა მეკობრეობა ლეგალური გახადა. მე ვიტყოდი, რომ მეკობრეობის ფარდა ჩამოიხსნა. მსგავსი რამ ცივი ომის პერიოდშიც არ ყოფილა. დასავლეთმა „ჯეკ ბეღურა“ თანამედროვეობის საკუთარ სიმბოლოდ აქცია“, – განაცხადა ზახაროვამ.
რუსი მაღალჩინოსნის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ნორვეგიამ უკრაინის მოთხოვნის საფუძველზე რუსული გემი „პროფესორ მოლჩანოვი“ დააკავა. გემი კომერციული საექსპედიციო კრუიზებისთვის გამოიყენება.
უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ნაფტოგაზის“ ინფორმაციით, გემის დაკავებას წინ უძღოდა ნორვეგიის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც რუსეთს ოკუპირებულ ყირიმში „ნაფტოგაზის ჯგუფის“ აქტივების უკანონო მითვისებისთვის დაახლოებით 4.22 მილიარდი დოლარის გადახდა დაეკისრა.
„პროფესორ მოლჩანოვის“ დაკავება სწორედ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირდება.