კონფლიქტის საბოლოო მოგვარებაზე შეთანხმება, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უშუალოდ რუსეთსა და უკრაინას შორის უნდა შედგეს. ამის შესახებ პუტინმა ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, სხვა სახელმწიფოებმა, მათ შორის აშშ-მა და ფორუმზე წარმოდგენილმა ქვეყნებმა, მხარი უნდა დაუჭირონ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება კონფლიქტის უშუალო მონაწილეებმა უნდა მიიღონ.

„უპირველეს ყოვლისა, შეთანხმებას უშუალოდ რუსეთმა და უკრაინამ უნდა მიაღწიონ. ყველა სხვა ქვეყნებმა, რომლებიც მზად არიან, ამას მხარი უნდა დაუჭირონ. არა მხოლოდ აშშ-მა, არამედ აქ წარმოდგენილმა ქვეყნებმაც. საბოლოოდ, ეს პრობლემა კონფლიქტში ჩართულმა მხარეებმა უნდა მოაგვარონ. ესენი კი რუსეთი და უკრაინა არიან. ეს მიდგომა მართებულია“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის შეფასებით, კონფლიქტის დასრულებისთვის შესაძლებლობა კვლავ არსებობს.

„ყველას მადლიერები ვართ, ვინც ამ საკითხის მოგვარებაში წვლილის შეტანას ცდილობს. არის თუ არა შანსი? ჩემი აზრით, დიახ, ის არსებობს“, – აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, უკრაინასთან გარკვეული კონტაქტები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, მათ შორის სპეცსამსახურების დონეზე.

„ამ ეტაპზე გამიჭირდება იმის თქმა, თუ რამდენად მივდივართ ამ კონტაქტებით სამშვიდობო შეთანხმებამდე, იმ განცხადებების გათვალისწინებით, რომლებიც ბოლო დროს უკრაინის პირველი პირებისგან მოვისმინეთ. თუმცა, კონტაქტები ნამდვილად გრძელდება, პირველ რიგში სპეცსამსახურების მეშვეობით“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის დასავლელი მოკავშირეები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ კიევის ქმედებებზე დუმილით ისინი, მისი შეფასებით, საერთაშორისო ტერორიზმის თანამონაწილეები ხდებიან.

„ჩვენ ახლახან სამოქალაქო თვითმფრინავებზე თავდასხმის მუქარის შესახებ მოვისმინეთ. ეს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ტერორიზმის გამოვლინებაა და ორმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობებს ართულებს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.