პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, უკრაინისთვის შეიარაღების მიმწოდებელ პოლონურ საწარმოში გაჩენილი ხანძარი განზრახ იყო გამოწვეული და მის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი დგას.

ინციდენტი WB Electronics-ის საწარმოში მოხდა. კომპანია პოლონეთის თავდაცვის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო წარმომადგენელია და სადაზვერვო დრონებსა და მოძრავ საბრძოლო მასალას აწარმოებს. მათ შორისაა FlyEye და Warmate, რომლებიც უკრაინული ძალების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ომში გამოიყენება.

პოლონური რადიოს ინფორმაციით, საწარმოში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ტუსკის შეფასებით, მომხდარი რუსეთის მხრიდან რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციისა და ესკალაციის მცდელობების გაგრძელებას წარმოადგენს.

„ეს რუსეთის მიერ რეგიონში ვითარების ესკალაციისკენ მიმართული ქმედებების გაგრძელებაა. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის და, უარეს ვარიანტში, ნამდვილად არ იქნება უკანასკნელი“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.