სოჭის პორტსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით თავდასხმის შესახებ რუსული მედია და „ტელეგრამის“ არხები იუწყებიან.
„ტელეგრამის“ არხ „ასტრას“ მიერ გავრცელებულ კადრებში სოჭის პორტში აფეთქების შედეგებია ასახული. მედიის ცნობით, ქალაქამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო კატერმა მიაღწია, რომელიც, სავარაუდოდ, პორტის ტერიტორიაზე აფეთქდა.
მანამდე სოჭის მცხოვრებლები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ ქალაქში სულ მცირე ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს. მათი ინფორმაციით, პორტის თავზე კვამლის ორი კერა გამოჩნდა.
ამასთან, უკრაინული დრონებით იერიშის შესახებ ინფორმაცია მოსკოვის ოლქიდანაც გავრცელდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ერთ-ერთი დრონი საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, კუბინკაში, ნარო-ფომინსკის გზატკეცილზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი მერვე და მეცხრე სართულების დონეზე გაჩნდა. შენობიდან 10 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ვორობიოვის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე 56 დრონი ჩამოაგდეს.
კუბინკაში რუსეთის სამხედრო აეროდრომია განთავსებული, სადაც რუსეთის ავიაციის ჯგუფები არიან ბაზირებული.