ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაკეთებული საჯარო განცხადებების საფუძველზე დაწყებული გამოკითხვები დღესაც გაგრძელდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე გამოიკითხებიან.
არსებული ინფორმაციით, გამოკითხვაზე სასამართლოში გამოცხადდება ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანიც.
გამოძიება უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების ფაქტს უკავშირდება. საკითხზე საჯაროდ პირველად კითხვები ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დასვა. ღარიბაშვილმა ციხიდან გავრცელებულ წერილში აღნიშნა:
„საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პროკურატურის მხრიდან რეაგირება მოჰყვა. უწყებამ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი დაადასტურა.
ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე სხვადასხვა პირი დაიბარა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, ზაზა დავითაია, ერმილე ნემსაძე და გიორგი გიგაური.
მათგან რამდენიმე პირის გამოკითხვა საგამოძიებო ორგანოში უკვე გუშინ გაიმართა, ხოლო დანარჩენი პირების გამოკითხვა დღეს გაგრძელდება.