პოლონეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვაიმარში სამმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებიდან 35 წლისთავთან დაკავშირებით დეკლარაცია მიიღეს, რომლითაც სამმა ქვეყანამ თანამშრომლობის გაგრძელების გადაწყვეტილება და მზადყოფნა დაადასტურა. ინფორმაციას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამმხრივი კონსულტაციების ფარგლებში რადოსლავ სიკორსკიმ, იოჰან ვადეპულმა და ჟან-ნოელ ბარომ ევროპული და ტრანსატლანტიკური პოლიტიკის საკითხები განიხილეს.
„მინისტრებმა ისაუბრეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე დეზინფორმაციის, უცხოური ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაზე. მათ ასევე განიხილეს ვითარება ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით კი ჰორმუზის სრუტის რეგიონში.
გარდა ამისა, დიპლომატიის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს ვაიმარის სამკუთხედის ფარგლებში შეხვედრების მნიშვნელოვანი დინამიკა. მათ ხაზი გაუსვეს სამმხრივი ურთიერთობების პოტენციალს, განსაკუთრებით ევროპული პოლიტიკის, უსაფრთხოების, ასევე ციფრულ, სამეცნიერო და კოსმოსურ სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებით“, – ნათქვამია პრესრელიზში.
საიუბილეო დეკლარაციაში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, ერთობლივად დაუპირისპირდნენ ევროპის უსაფრთხოებისთვის არსებულ საფრთხეებს, რომლებიც, მათი შეფასებით, რუსეთის აგრესიული და იმპერიალისტური პოლიტიკიდან გამომდინარეობს.
პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთმა მხარი დაუჭირა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეპულის რეაქციასა და გადაწყვეტილებებს გერმანიის ტერიტორიაზე, მათ შორის ლაიფციგის აეროპორტში რუსეთის აგრესიული ქმედებების შემდეგ, ასევე ბონში რუსეთის საკონსულოსა და ბერლინში რუსეთის სახლის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებებს.
„არ შევეგუებით ჩვენს ტერიტორიებზე განხორციელებულ მტრულ ქმედებებს, ცეცხლის წაკიდებას, სარკინიგზო თავდასხმებსა და სხვა პროვოკაციებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს. პოლონეთმა ასევე დაიბარა რუსეთის ელჩი, რათა მკაფიოდ გამოეხატა ჩვენი მტკიცე წინააღმდეგობა რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სახელმწიფო მხარდაჭერით ტერორიზმის მიმართ. რეალურად, ჩვენი ერთ-ერთი მოკავშირის პრობლემა მთელი ნატო-ს პრობლემაა. პუტინის რუსეთი კვლავ რჩება უსაფრთხოების ერთ-ერთ უდიდეს საფრთხედ არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთლიანად მსოფლიო წესრიგისთვის,“- განაცხადა სიკორსკიმ.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე დაადასტურეს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მზადყოფნა და შეთანხმდნენ, რომ სუვერენული უკრაინის გარეშე უსაფრთხო ევროპის არსებობა შეუძლებელია.
ამასთან, პოლონეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ მხარდაჭერა გამოხატეს პოლონეთის პოზიციის მიმართ ევროპის კონკურენტუნარიანობის გაძლიერების საკითხზე, მათ შორის ტექნოლოგიური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის გაზრდის მიმართულებით, აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნების პარალელურად.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განაცხადეს, რომ გააგრძელებენ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას და შეთანხმდნენ სამმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე.