დანია ვარაუდობს, რომ 2027 წლის ბოლოსთვის მზად იქნება ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მდებარე დაბრუნების ცენტრში იმ მიგრანტების გასაგზავნად, რომლებსაც ქვეყანაში კანონიერად ცხოვრების უფლება არ აქვთ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დანიის მიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრი მორტენ ბოდსკოვი დღეს კოპენჰაგენში გერმანიის, ავსტრიის, ნიდერლანდებისა და საბერძნეთის კოლეგებს შეხვდება.
შეხვედრის მთავარი საკითხი ევროკავშირის არაწევრ ქვეყანასთან დაბრუნების ცენტრის შექმნის შესახებ ბლოკის პირველი პარტნიორული შეთანხმების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების შეთანხმება იქნება.
„ევროკავშირის გარეთ დაბრუნების ცენტრის შექმნის საქმეში ჩვენ დიდი გზა გავიარეთ და ახლა ამის მიღწევასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს. ეს ნიშნავს, რომ დანიის მხრიდან, ველოდებით, რომ მომავალი წლის ბოლოსთვის მზად ვიქნებით პირველი უცხოელების პარტნიორ ქვეყანაში გასაგზავნად“, – განაცხადა ბოდსკოვმა.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყანასთან ან ქვეყნებთან შესაძლოა ხუთმა სახელმწიფომ პარტნიორობა დაამყაროს.
ევროპარლამენტმა ივნისში მიგრაციის პოლიტიკის გადახედვის რეგულაცია დაამტკიცა, რომლის მიზანი დეპორტაციების დაჩქარება და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის ბლოკის ფარგლებს გარეთ დაბრუნების ცენტრების შექმნის შესაძლებლობის მიცემაა.
რეგულაციის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულმა ცვლილებებმა შესაძლოა თავშესაფრის მაძიებელთა დაცვის მექანიზმები შეასუსტოს.