წარმოშობით რუსი აქტივისტი დენის კულანინი რუსეთში არ გააძევებენ, თუმცა სასამართლომ მას საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობით დასატოვებლად 7 დღე განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას „უფლებები საქართველო“ ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილმა დენის კულანინის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
„დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ. სასამართლომ კულანინს საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილმა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა შეწყალებული დენის კულანინის საქართველოს ტერიტორიიდან გაძევების შესახებ.
დენის კულანინს განესაზღვრა 7 დღე საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობით დასატოვებლად.
,,უფლებები საქართველო” აგრძელებს დენის კულანინის ინტერესების დაცვას მესამე, უსაფრთხო ქვეყანაში მის გამგზავრებამდე”,- ნათქვამია განცხადებაში.