ლაიფციგის აეროპორტში დრონით თავდასხმის მცდელობის შემდეგ გერმანიის ხელისუფლება რუსული დივერსიული და სხვა ჰიბრიდული საფრთხეებისგან თავდაცვის გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრ დობრინდტი უსაფრთხოების ზომების გაფართოებას გეგმავს, რაც დრონების საფრთხის, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე შესაძლო დივერსიებისა და კიბერშეტევების წინააღმდეგ დაცვას მოიცავს. გეგმა ასევე ითვალისწინებს ჯაშუშობაში ან ტერორისტულ საქმიანობაში შესაძლო ჩართულ პირების გამოვლენის გაძლიერებას.

„რუსეთის მიერ ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონების გამოყენებით აეროპორტებზე ჰიბრიდული თავდასხმები, აგენტები ჩვენს ქალაქებში, კიბერშეტევები ჩვენს ქსელებზე და ჩვენი ინფრასტრუქტურის საბოტაჟი ყოველდღიური რეალობაა. ეს თავდასხმები გაძლიერდება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ და თავი დავიცვათ“, – განაცხადა დობრინდტმა.

Bild-ის ინფორმაციით, დრონების წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გასაძლიერებლად გერმანია ფედერალური პოლიციის მობილური დანაყოფის გაფართოებას გეგმავს.

ახალი დანაყოფები სხვადასხვა რაიონში სწრაფად განლაგებისთვის იქნება მზად და ვერტმფრენებითა და სპეციალური ტექნიკით აღიჭურვება. მათი განთავსება ცხრა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქში იგეგმება: ფრანკფურტში, მიუნხენში, ჰამბურგში, ბერლინში, შტუტგარტში, დიუსელდორფში, ლაიფციგში, ჰანოვერსა და კიოლნში.

დანაყოფების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ბერლინში მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ობიექტების, მათ შორის აეროპორტების, რკინიგზის სადგურებისა და სამთავრობო უბნის საჰაერო სივრცის დაცვა იქნება. მათ დრონების აღმოჩენა და ჩაჭრა, ასევე ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი უპილოტო საფრენი აპარატების განეიტრალება უნდა შეძლონ.

გერმანიის ახალი გეგმა უსაფრთხოების სისტემებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გაფართოებასაც ითვალისწინებს. საუბარია ხელოვნური ინტელექტის, ბიომეტრიული სახის ამოცნობისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების უფრო აქტიურად გამოყენებაზე, განსაკუთრებით რკინიგზის სადგურებში.

გამოცემის ცნობით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შესაძლებელი უნდა გახდეს იარაღის აღმოჩენა, საეჭვო ქცევის ავტომატური გამოვლენა და იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც შესაძლოა თავდასხმების ან ჯაშუშური საქმიანობის დაგეგმვაში იყვნენ ჩართული.

გეგმის კიდევ ერთი მიმართულება კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაა. ამ მიზნით გერმანია ე.წ. „კიბერგუმბათის“ შექმნას განიხილავს, რომელიც ციფრული სენსორების ფართო ქსელს გააერთიანებს და კიბერშეტევების მცდელობების დროულ გამოვლენასა და დაბლოკვას შეუწყობს ხელს.