მუქარის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ელიზბარაშვილი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა კალიჩენკომ მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. შეთანხმების თანახმად, ბიზნესმენს ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც პირობით სასჯელად ჩაეთვალა, ერთი წლის გამოსაცდელი ვადით. დამატებით, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე თამაზ ელიზბარაშვილმა წარდგენილი ბრალდება აღიარა, თუმცა მანამდე მომხდარის საკუთარი ვერსია წარმოადგინა.
ბიზნესმენის განცხადებით, კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა და მასთან შვიდი ახალგაზრდა მივიდა. ელიზბარაშვილის თქმით, ისინი სოციალურ ქსელში სამი თვით ადრე გამოქვეყნებული კომენტარის გამო შალვა კუჭუაშვილისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ.
„15 წუთის განმავლობაში „მაკაჩავეს“. ვუთხარი, რომ მეუღლეს დავტოვებდი სახლში და ჩამოვიდოდი. როცა მივდიოდი, ამ ბიჭებმა მომაძახეს, უკან ჩამომსვლელი არ ხარო. მე, როგორც ვაჟკაცმა კაცმა, გადავწყვიტე უკან დავბრუნებულიყავი, სხვა დროსაც რომ იგივე არ მომხდარიყო, გამერკვია, რა პრეტენზია ჰქონდათ“, – განაცხადა ელიზბარაშვილმა.
მისივე თქმით, ადგილზე დაბრუნებისას ახალგაზრდები გაიქცნენ, რადგან იფიქრეს, რომ მას იარაღი ჰქონდა.
„ვაღიარებ, რომ ჩემი დანახვის შეეშინდათ ამ ბიჭებს. მათგან ბოდიშის მოხდა მოვითხოვე. ეს, როგორც ჩანს, დანაშაული ყოფილა“, – აღნიშნა ბიზნესმენმა.
ელიზბარაშვილის განმარტებების შემდეგ მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მას ბრალის აღიარების საკითხის დაზუსტება მოსთხოვა.
მოსამართლემ ბიზნესმენს განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად აუცილებელი იყო, მკაფიოდ დაეფიქსირებინა, ცნობდა თუ არა თავს დამნაშავედ.
„რაში ცნობთ თავს დამნაშავედ?“ – მიმართა მოსამართლემ ელიზბარაშვილს.
ბიზნესმენმა დაადასტურა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას აღიარებდა.
„მე ვხვდები, რაც ვთქვი, მუქარა იყო, რა თქმა უნდა, დავემუქრე. რა ბრალიც წამიყენა პროკურატურამ, ვაღიარებ“, – განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ თავდაპირველად საკუთარი ქმედების სამართლებრივი შეფასება არ იცოდა.
„მე არ ვარ იურისტი და თუ ჩემი ქმედება სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდა, არ ვიცოდი“, – განმარტა ბიზნესმენმა.
საქმის გარემოებები
პროკურატურის ინფორმაციით, ინციდენტი 2026 წლის 30 აგვისტოს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. გამოძიების თანახმად, თამაზ ელიზბარაშვილსა და შალვა კუჭუაშვილს შორის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარის გამო სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო.
საგამოძიებო უწყების ცნობით, კონფლიქტის დროს ელიზბარაშვილი კუჭუაშვილსა და მის თანმხლებ პირებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.
პროკურატურის ვერსიით, მოგვიანებით ბიზნესმენი ადგილზე შეიარაღებული დაბრუნდა და რესტორანში შეჭრას ცდილობდა.
უწყების ინფორმაციით, 31 აგვისტოს ელიზბარაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომელშიც მუქარის შემცველი განცხადებები გააგრძელა.
თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ისეთი მუქარისთვის, რომელმაც დაზარალებულს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩინა.
მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.