„ბარამიძის განცხადება, რომელიც მოვისმინეთ, პირდაპირი მნიშვნელობით სამშობლოს ღალატისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს“,- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მის განცხადებას როგორც მორალური, ისე სამართლებრივი დატვირთვა აქვს.
მისი თქმით, ბარამიძემ ქართული ჯარისა და სახელმწიფოს მიმართ უმძიმესი ბრალდება გააჟღერა, როდესაც განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ტყვეებს არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ.
მათიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული განცხადება შეურაცხმყოფელია როგორც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, ისე აფხაზეთის ომის მონაწილეებისთვის.
„ეს არ არის მხოლოდ ცარიელი სიტყვები – ამ შინაარსში დევს უმძიმესი ბრალდება და მიზანი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციები საკუთარ საქმიანობაში შეფერხდნენ. სწორედ ამიტომ მოხდა ის სამართლებრივი პროცესი, რომელიც ბარამიძის მიმართ ვიხილეთ. ჯერი ახლა, ბუნებრივია, სამართალდამცავ ორგანოებზეა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბარამიძის განცხადებებმა ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაციას, ასევე, შეილახა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივი და ღირსება.
უწყების შეფასებით, მისმა ქმედებამ საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა და ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების ნორმალურ ფუნქციონირებას.
ბარამიძის მიმართ წარდგენილი ბრალი სასჯელის სახით ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.