უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოფილ პრესსპიკერ იულია მენდელის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
ზელენსკიმ კვირას სამი განკარგულება გამოსცა, რომლებიც რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების, რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსტეკთან“ დაკავშირებული საწარმოებისა და ფიზიკური პირების, ასევე რუსეთის აგრესიის მხარდამჭერი პროპაგანდისტების წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.
ერთ-ერთი განკარგულების მიხედვით, სანქციები დაუწესდა 10 რუს და უკრაინელ პირს, რომლებიც დეზინფორმაციასა და რუსულ პროპაგანდას ავრცელებენ და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას მხარს უჭერენ. მათ შორის არის ზელენსკის ყოფილი პრესსპიკერი იულია მენდელი.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებებით სანქციების სიაში 20 რუსული გემი, 29 რუსეთის მოქალაქე და 29 რუსული კომპანია შევიდა.
იულია მენდელმა ზელენსკის გადაწყვეტილებას „არაკონსტიტუციური“ უწოდა. მისი განცხადებით, უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციების დაწესება არაკონსტიტუციურია და პრეზიდენტი სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ იყენებს, რომლებიც უკრაინაში მშვიდობას უჭერენ მხარს.
ცნობისთვის, იულია მენდელი უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობას 2019 წლის 3 ივნისიდან 2021 წლის 9 ივლისამდე იკავებდა. თანამდებობის დატოვების შემდეგ ის ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას არაერთხელ აკრიტიკებდა.